რუსეთის საგარეო დაზვერვა ავრცელებს განცხადებას, რომ შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (ODIHR/OSCE) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება არ დაუშვას.
"ამერიკელები შეთანხმდნენ OSCE-სა და ODIHR-ის ხელმძღვანელობასთან საქართველოს მიმართულებით თანამშრომლობაზე", - წერია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ "ეუთო/ოდირი არჩევნებამდე 20 დღით ადრე გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს, რომლის დასკვნაშიც ეწერება, რომ ქვეყანაში არ არსებობს პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად". რუსული საგარეო დაზვერვა ამტკიცებს იმასაც, რომ არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ გავრცელდება განცხადება, რომ ელექტორალური პროცესი დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ იყო.
"ვაშინგტონის გეგმა აშკარაა და უკვე აღარ არის გასაკვირი - მისცეს პროდასავლურ ოპოზიციას მასობრივი პროტესტის საფუძველი, რომლის მიზანიც ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ძალის გამოყენებით ჩაგდებაა" – აცხადებს რუსული დაზვერვის სამსახური. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში, რუსეთი გამართლებულად მიიჩნევს შეუმციროს დაფინანსება OSCE-ს, რათა რამენაირად შეასუსტოს საერთაშორისო ორგანიზაციის "დესტრუქციული" აქტივობები.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში აშშ-ის ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო დაზვერვამ განცხადება მანამდეც გაავრცელა და ამტკიცცებდა, რომ აშშ-ი საქართველოში "ფერად რევოლუციას" გეგმავს. საპასუხოდ, აღნიშნულ ბრალდებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "კატეგორიულად მცდარი ბრალდება" უწოდა.
0 კომენტარი