რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროს განცხადებას, რომ "შეერთებული შტატები საქართველოში ფერადი რევოლუციის მოსაწყობად ემზადება", აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "კატეგორიულად მცდარ ბრალდებას" უწოდებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. 

Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, "რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები უკვე მეორედ ავრცელებენ ბრალდებას, რომ შეერთებული შტატები საქართველოში "ფერადი რევოლუციის" ორგანიზებას ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად დიდია რუსული გავლენა და ინტერესი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორია თქვენი შეფასება მსგავს ბრალდებებზე", სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ოფისი გვპასუხობს:  

"ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. ბრალდებები კატეგორიულად მცდარია. კრემლმა 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და დღემდე საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ამავდროულად, განაგრძობს აგრესიულ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ". 

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს  მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს "დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას". 

"შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მზარდი ანტიდემოკრატიული ქმედებებითა და რიტორიკით. ამის მორიგი მაგალითია ის განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადების გეგმებთან დაკავშირებით ისმის. მრავალმხრივი შეხედულებები და მრავალპარტიული სისტემა აუცილებელია ძლიერი დემოკრატიისთვის. როგორც უკვე თვეების განმავლობაში ვამბობდით, საქართველოს მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს მთავრობის დიდი ხნის წინ გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობის პროცესს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, შეწყვიტოს მისი კრიტიკოსების დემონიზება და განსხვავებული აზრის სივრცის შეზღუდვა და დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას", - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა Globalnews.ge-ს. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *