Globalnews.ge-სთან ინტერვიუში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი ხაზს უსვამს, რომ ის მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტზე კონგრესი შეთანხმდება.

შეკითხვაზე, იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში რუსული თავდასხმები სულ უფრო ინტენსიური ხდება, მძაფრდება მოლოდინი, როგორ გადაწყდება შეერთებულ შტატებში და ასევე, ევროკავშირში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის განბლოკვაზე შეთანხმება, არსებობს თუ არა თუნდაც მინიმალური რისკი, რომ ეს საკითხი დადებითად ვერ გადაწყდება ან შესაძლოა, დროში კიდევ გაიწელოს, გენერალი პასუხობს, რომ “სამხედრო დახმარების პაკეტის უახლოეს მომავალში მიწოდება აუცილებლად დაიწყება”.

“დარწმუნებული ვარ, აშშ-ის კონგრესი მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტზე შეთანხმდება. პრეზიდენტიც მას ხელს სწრაფად მოაწერს და უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო ნაკადის მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან შეერთებულ შტატებში უკრაინის საკითხზე ძლიერი ორპარტიული შეთანხმება არსებობს. პრობლემა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში არსებული მცირე ჯგუფია. როგორც გახსოვთ, ძალიან რთული ეტაპი გაიარა წარმომადგენელთა პალატამ წინა სპიკერის პირობებში, რომელმაც სპიკერის პოზიცია, ლიდერობის მყიფე დინამიკის გამო, ერთი წლითაც ვერ შეინარჩუნა. პროცესები ახლა განსხვავებულად ვითარდება და დარწმუნებული ვარ, სულ მალე მოლაპარაკებები საკმაოდ მყარი კონსესუსით დასრულდება. ახლა მთელი ამ დრამის მიზეზი არის ის, რომ რესპუბლიკურ პარტიას თეთრი სახლისგან გარკვეული დათმობების მიღება სურს. იცით, რომ ამერიკის საზღვრის დაცვის გამკაცრების საკითხზე თეთრი სახლი რესპუბლიკელებთან შუამავლების საშუალებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვფიქრობ, დოკუმენტი დამუშავების ბოლო ეტაპზეა და საბოლოოდ, კონგრესი ძლიერ მხარდაჭერას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

პარალელურად, ხედავთ, რომ ევროპული ქვეყნებიც განაგრძობენ დახმარების პაკეტზე აქტიურ მუშაობას. F 16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების ეკიპაჟის მომზადებაც გრძელდება”, - აღნიშნავს ინტერვიუში ამერიკელი გენერალი.

მისივე თქმით, მოსაზრებები, რომ თითქოს ევროკავშირში მოახლოებული არჩევნები და ასევე, შეერთებულ შტატებში ნოემბრის არჩევნები, შესაძლოა, გარკვეულწილად გავლენის მომხდენი გახდეს უკრაინის მიმართ ძლიერ მხარდაჭერაზე, უსაფუძვლო სპეკულაციებია.

“ისევ და ისევ, გავიმეორებ, რომ უკრაინას შეერთებულ შტატებში ორპარტიული მყარი მხარდაჭერა აქვს. კონგრესის საკვანძო ლიდერები, მაგალითად, სენატორი მაკკონელი, ძალიან, ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას. ასევე, სენატორი ლინდსი გრეჰემი თავიდანვე უკრაინის გვერდით იდგა და დღესაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ის, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერია. ასე რომ, ამ თემაზე მინიშნებები უშედეგო სპეკულაციებია. იგივე შემიძლია ვთქვა ევროპულ ქვეყნებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც საპარლამენტო მმართველობის სისტემებია. მაგალითად, პოლონეთში, სადაც ხელისუფლება იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი თავიდანვე მტკიცედ უჭერდა უკრაინას მხარს, ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ახლა კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ასე რომ, ვფიქრობ, უკრაინის მიმართ იქნება მუდმივი მყარი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება არჩევნებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს შესაძლებლობაც, რომ შედეგმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს. თუმცა ჩვენ მაინც ვსაუბრობთ, ერთი წლის შემდეგ შესაძლო სცენარებზე. მანამდე კი, საკმაოდ დიდი დროა”,- ამბობს globalnews.ge-სთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი და აშშ-ის ძალების ყოფილი სარდალი ერაყსა და ავღანეთში, დევიდ პეტრეუსი. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *