CNN-ის ინფორმაციით, ირანი ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს. აშშ-ს თეთრი სახლის მაღალჩინოსნების თქმით, აშშ ირანული თავდასხმისგან ისრაელის დასაცავად აქტიური მზადების პროცესშია.
"ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ისრაელის თავდაცვით მზადებას ამ თავდასხმის წინააღმდეგ. ირანის მხრიდან პირდაპირი სამხედრო თავდასხმა ისრაელზე მძიმე შედეგებს მოიტანს ირანისთვის," - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.
აშშ ელის, რომ ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ მოსალოდნელი თავდასხმა შესაძლოა მოცულობით და მასშტაბით აპრილის თავდასხმას ჰგავდეს. "აშშ-ი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეეძლება, რათა დაეხმაროს ისრაელს ირანის ნებისმიერი შეტევის მოგერიებაში როგორც ეს გააკეთა აპრილში", - უთხრა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა CNN-ს.
ისრაელის შეფასებით, ირანი სავარაუდოდ ისრაელის სამ ავიაბაზასა და ერთ სადაზვერვო ბაზას დაესხმება თავს, რომელიც თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარეობს. CNN-ი ისრაელელი წყაროს საფუძველზე იტყობინება, რომ გლილოტის სადაზვერვო ბაზაზე ევაკუაციაა ამოქმედებული.
აშშ-მ ისრაელს გააფრთხილა, რომ თავდასხმა, სავარაუდოდ, მომდევნო 12 საათის განმავლობაში განხორციელდება. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჯერ არ გამოუვლენიათ ირანიდან რაიმე კონკრეტული საჰაერო საფრთხე.
" ამ მომენტში ისრაელი ვერ ხედავს ირანისგან მომავალ დაუყოვნებელ საფრთხეს." - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარმა. მან აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები აქტიურად აკვირდებიან პოტენციურ საფრთხეებს.
ბოლო წლის განმავლობაში ისრაელსა და ირანის წინააღმდეგობის ღერძს (ჰამასი ღაზაშ, ჰეზბოლა ლიბანში, ჰუსიტები იემენში) შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ირანის შესაძლო თვდასხმა რეგიონში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ქმნის.
არაბი დიპლომატები უკვე გამოხატავენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება მოხდეს ირანის მოსალოდნელი თავდასხმის შემდეგ, განსაკუთრებით ისრაელის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით.
0 კომენტარი