16 სექტემბერს, შეერთებული შტატების ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები იმ პირებს დაუწერა, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ძირის გამოთხრის პროცესში".
შეერთებული შტატების ამ გადაწყვეტილებით, დასანქცირებული პირების მთლიანი ქონება და ფინანსური ინტერესები, რომლებიც შეერთებულ შტატებშია ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაბლოკილია და მოხსენებულია OFAC-თან (აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის სამსახური). ასევე, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან საერთო ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთ ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს.
"თუ OFAC-ის მიერ გაცემული ზოგადი ან სპეციფიკური ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები ზოგადად კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში (ან ტრანზიტით) ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან ინტერესებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში. აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ სამოქალაქო ან სისხლისსამართლებრივი სანქციები აღმასრულებელი განკარგულების დარღვევისთვის. ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც გარკვეულ გარიგებებში ან აქტივობებში მონაწილეობენ სანქციების ქვეშ მყოფ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ აღსრულების ღონისძიებებს. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი განსაზღვრული პირის მიერ, მისთვის ან მის სასარგებლოდ ფულადი სახსრების, საკუთრების ან მომსახურების ნებისმიერი შენატანის ან მიწოდების შეტანას, ან ნებისმიერი ასეთი პირისგან ფულადი სახსრების, საქონლის ან მომსახურების ნებისმიერი შენატანის ან მიწოდების მიღებას", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სავიზო სანქციები
ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა 60 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობდნენ.
ამ პირებში შედიან:
- მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შესაზღუდად;
- ბიზნესების ხელმძღვანელები, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციულ საქმიანობაში;
- პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ახალისებდნენ ძალადობრივ ექსტრემიზმს;
- სამართალდამცველები, რომლებიც ჩართული იყვნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც კრიტიკული როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონის დაწინაურებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აშშ საქართველოში ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით კვლავ შეშფოთებულია და დამატებითი ზომების მიღებასაც განიხილავს:
"საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებით და ანტიდემოკრატიული ქმედებებით კვლავ შეშფოთებულები ვართ და საპასუხოდ დამატებით ზომებს განვიხილავთ. აშშ ერთმნიშვნელოვნად ემხრობა ქართველთა უფლებას, ძალადობის, დაშინებისა და შევიწროების შიშის გარეშე შეიკრიბონ, გამოხატონ აზრი და მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობა მიიღონ" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო სანქციები ფოკუსირებულია კონკრეტული პირებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობის შეზღუდვაზე. როდესაც აშშ აწესებს სავიზო სანქციების პაკეტს, ის კონკრეტული ადამიანებისთვის აშშ-ს ვიზის მიღების შესაძლებლობას ბლოკავს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მოხვედრის გზებს სრულიად ზღუდავს.
სახაზინო სანქციების დაწესების შემთხვევაში სანქცირებულ პირებს ებლოკება წვდომას აშშ-ს ფინანსურ სისტემებზე, ეყინებათ აშშ-ში არსებულ აქტივები და ეზღუდებათ ამერიკელ მოქალაქეებთან ან კომპანიებთან ბიზნესის ლეგალური წარმოება.
აშშ-ს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები
დღევანდელი მოცემულობით, რუსული რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ რიგი ამერიკული სანქციები მოქმედებს. ჯერ კიდევ 2023 წლის 5 აპრილს გავრცელდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სახდეპმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" რიგ ქართველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა და ამერიკაში შესვლა აუკრძალა.
დეპარტამენტმა ასევე სანქცირებული პირების სია გაასაჯაროვა, რომელიც მოიცავდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს. ასევე, მათი ოჯახის წევრებს.
მოგვიანებით, 2023 წლის 14 სექტემბერს, აშშ-მ სანქციების ახალი მასშტაბური პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესაც ეხებოდა. ფარცხალაძეზე დაწესებული სანქციები არსობრივად ზურა მახარაძის, კონსტანტინე მორგოშიას, ზვიად ხარაზიშვილისა და მილერი ლაგაზაურის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მსგავსია, ვინაიდან ორივე შემთხვევაში სანქციების დამწესებელი აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტია.
14 სექტემბერს გამოცხადებული პაკეტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსურ სექტორს დაევალა, მათ შორის, გაითვალისწინოს აშშ-ს ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ (OFAC) სანქციადაკისრებულ პირთა სიაში (SDN list) შეყვანილი პირების მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რაც გულისხმობს სანქცირებული პირების მიერ აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვას. სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
თუმცა, 19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
მიმდინარე წლის მაისში, აშშ-მა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო, ხოლო 6 ივნისს, აშშ-მ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში, პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ 20-30 პირსა და მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებსა და კერძო პირებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
როგორ შეეხება ახალი სანქციები დასახელებულ პირებს საქართველოში?
16 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ასევე ეწერა, თუ რა სავარაუდო ზომებს მიიღებს აშშ იმ საფინანსო ინსტიტუტების ან პირების წინააღმდეგ, რომლებიც სანქცირებულ ერთეულებთან და ინდივიდებთან (ამ შემთხვევაში ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური) კონკრეტულ ტრანზაქციაში ან ქმედებებში ჩაერთვებიან.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, "ფინანსური ინსტიტუტები ან სხვა პირები, რომლებიც სანქცირებულ ერთეულებთან ან ინდივიდებთან კონკრეტულ ტრანზაქციებში ან აქტივობებში ჩაერთვებიან, შესაძლოა დაექვემდებარონ სანქციებს ან გახდნენ იძულებითი აღსრულებითი ქმედების ობიექტი".
"აკრძალვები ასევე მოიცავს ნებისმიერი სახის კონტრიბუციას ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების გაწევას განსაზღვრული [სანქცირებული] პირის მიერ, მის მიმართ ან მისთვის, ან ასეთი პირისგან კონტრიბუციის, ან სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიღებას". - წერია განცხადებაში.
აღნიშნული ნაწილი გულისხმობს, რომ საქართველოში ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქცირებულ ზურაბ მახარაძესთან, კონსტანტინე მორგოშიასთან, ზვიად ხარაზიშვილთან ან მილერ ლაგაზაურთან საქმის დაჭერა ან ნებისმიერი სახის საქმიანობაში ჩართვა, მათ ამერიკის სანქციებისთვის დაქვემდებარების რისკის ქვეშ დააყენებს.
ტაბულა
0 კომენტარი