აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც სანქციები დაუწესდათ როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, ასევე, კერძო პირებს, რომლებმაც "საქართველოს დემოკრატია შეარყიეს და ქართველი ხალხის უფლებები შელახეს".
"შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ მაღალჩინოსანს - შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს, ზვიად "ხარება" ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს იმისთვის, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში, როდესაც მოქალაქეები უცხოური გავლენის კანონს მშვიდობიან საპროტესტიო აქციებზე აპროტესტებდნენ. ჩვენ სანქციებს ვაწესებთ ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ქართველ ლიდერზე, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე, ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმებისთვის ქართველებზე, რომლებიც ახორციელებდნენ თავისუფალ მშვიდობიან შეკრებას", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე ხაზგასმულია, რომ შეერთებული შტატები დამატებით ზომებს იღებს სავიზო მიმართულებით და საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, სავიზო სანქციებს უწესებს.
"ეს პირები არიან ხელისუფლების წარმომადგენლები და კერძო პირები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მოქალაქეების ცემაში მონაწილეობდნენ. ასევე, პარლამენტის წევრები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, მშვიდობიანი შეკრების უფლებას გააპროტესტონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
0 კომენტარი