5 ნოემბერს, ამერიკელი მოქალაქეები მომავალ პრეზიდენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ, მანამდე კი, ამერიკულ საზოგადოებაში ერთი მთავარი პოლიტიკურ შეკითხვაზე პასუხის ძიება სულ უფრო მძაფრ ფაზაში შედის - თეთრ სახლში დონალ ტრამპი დაბრუნდება, თუ ქვეყანა პირველ ქალ პრეზიდენტს აირჩევს?
10 სექტემბერს, ორი მთავარი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, ერთმანეთს საჯაროდ პირველად სატელევიზიო დებატებში, რაც ამერიკულმა მედიამ "ცეცხლოვან დაპირისპირებად" უკვე შეაფასა. ტრადიციულად, შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო დებატებს საარჩევნო კამპანიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, დებატების დასრულებისთანავე კიდევ უფრო მძაფრდება ინტერესი, თუ რომელ მხარეს მიიჩნევს ამომრჩეველი დებატებში გამარჯვებულად. მართალია, დებატების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა CNN/SSRS-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა 600-მა რეგისტრირებულმა ამომრჩეველმა მიიღო, 63%-მა მიიჩნია, რომ კამალა ჰარისი ბევრად უკეთეს პოლიტიკურ ფორმაში იმყოფებოდა, ვიდრე მისი პოლიტიკური ოპონენტი. შესაბამისად, CNN/SSRS-ის მიხედვით, ყოფილმა პრეზიდენტმა მხოლოდ 37%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ დებატების დაწყებამდე, ამ ამომრჩევლების პოლიტიკური სიმპათიები ორივე კანდიდატზე თანაბრად ნაწილდებოდა.
ვინ ლიდერობს ეროვნულ გამოკითხვებში?
რამდენიმე თვის წინ, სანამ მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებდა, წინასწარი გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მისი მხარდაჭერა დონალდ ტრამპის მაჩვენებლებს ჩამორჩებოდა. ჩიკაგოში გამართული დემოკრატიული პარტიის ყრილობის შემდეგ კი, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კამალა ჰარისის მხარდაჭერამ 47%-ს მიაღწია და მას შემდეგ რიცხვები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რაც შეეხება დონალდ ტრამპის პოტენციურ პოლიტიკურ მაჩვენებლებს, ის, დაახლოებით, 44%-ია და რობერტ კენედის მხარდაჭერას რიცხვებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. შეგახსენებთ, რომ რობერტ კენედიმ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა 23 აგვისტოს მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ეროვნული მასშტაბის გამოკითხვები საკმაოდ საყურადღებო სახელმღვანელოა იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს კონკრეტული კანდიდატი, ის არჩევნების წინ ზუსტი პროგნოზის მთავარ წყაროდ მაინც არ მიიჩნევა. ამერიკული საარჩევნო სისტემის მიხედვით, გადამწყვეტი, საბოლოოდ, დელეგატების ხმები იქნება.
შეერთებული შტატების 50 შტატიდან უმრავლესობა, თითქმის ყველა არჩევნებში, ერთსა და იმავე პარტიის კანდიდატს უჭერს მხარს და მხოლოდ რამდენიმე შტატის არჩევანზეა კანდიდატების საბოლოო გამარჯვების ბედი დამოკიდებული.
ვინ იმარჯვებს ბრძოლის ველზე?
ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატების მაჩვენებლები გადამწყვეტ 7 შტატში საკმაოდ ახლოსაა , რაც კიდევ უფრო ართულებს იმის გარკვევას, თუ რომელი კანდიდატი ლიდერობს საარჩევნო მარათონში. როგორც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რამდენიმე შტატში ორ კანდიდატს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე დაბალია. მათ შორისაა, პენსილვანიის შტატი, რომელიც პოლიტიკური დაპირისპირების საკვანძო შტატად მიიჩნევა, რადგან მას საარჩევნო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა აქვს და შესაბამისად, გამარჯვებულს საჭირო 270 ხმის მიღების შესაძლებლობას უადვილებს. პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი დემოკრატიული პარტიის დასაყრდენ შტატებად მიიჩნეოდა, სანამ დონალდ ტრამპმა ისინი ე.წ. წითელ შტატებად არ აქცია და 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გასამაჯრვებლად, მათი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. ჯო ბაიდენმა აღნიშნული შტატები 2020 წლის არჩევნებზე "დაიბრუნა" და თუ კამალა ჰარისმაც მოახლოებულ არჩევნებზე იგივე მოახერხა, ამერიკელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი გამარჯვება ნოემბრის არჩევნებში გარდაუვალი იქნება.
0 კომენტარი