აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი, მაიკლ კარპენტერი, ვაშინგტონში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ნატო-ს სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრა. ბუნებრივია, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, როგორ ხედავენ დასავლელი პარტნიორები საქართველოს მონაწილეობას არამხოლოდ სამიტზე, ასევე, გლობალური უსაფრთხოების პროცესში.
Globalnews.ge-ს შეკითხვაზე, რუსული გავლენის საქართველოში ზრდისა და ასევე, ჩინეთის ცხადი ინტერესების ფონზე, როგორ ხედავს დიპლომატი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ასევე, როგორ აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, გაურკვეველი დროით გადადოს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთები, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროსი დირექტორი ევროპის მიმართულებით გვპასუხობს, რომ "საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, არასწორი მიმართულებით მიდის".
"საქართველოსთან ჩვენი პროგრამების დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, Noble Partner წვრთნები და სხვა პროგრამები, რომლებიც საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. სამწუხაროდ, ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. ასე რომ, შეშფოთებითა და მწუხარებით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ვხედავთ ამ მოძრაობას სხვა მიმართულებით. გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის საქართველოში, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებიც ნატოს ალიანსს ემყარება და არ ვფიქრობთ, რომ ის თავსებადია ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, მათ შორის, ევროკავშირში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. ახლა კი, ჩვენი ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია”, - აღნიშნა მაიკლ კარპენტერმა.
0 კომენტარი