ვაშინგტონში, ბრუკინგის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ე.წ. უცხოური გავლენის კანონის შესახებ საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ "მისი მიღების გამო, ზომები მიღებულია და უფრო მეტის ნახვა მომავალშიც მოსალოდნელია".
„ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ არა მხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მისი მიღების გამო, არამედ ამ შეშფოთების გამოსახატავად ზომები მივიღეთ. ვფიქრობ, მოსალოდნელია, რომ ამის შესახებ თქვენ უფრო მეტს ნახავთ. ვფიქრობ, ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოს სურს და რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას აშკარა სურვილია", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, შეერთებული შტატების პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი დიპლომატიური ძალიხმევა ჩაიდო ამერიკული მხარის მხრიდან, რომ ორმა ქვეყანამ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.
"ჩვენ ეს გავაკეთეთ ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციით და ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. უზარმაზარი შესაძლებლობა არსებობს ეკონომიკური გამტარობის მიმართულებით აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი ქვეყნებისთვის. ამ მხრივ, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ასე რომ, ჩვენ თვალს ვადევნებთ გამოწვევებს, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე ვართ ფოკუსირებულნი შესაძლებლობებზე და ვფიქრობ, ეს რეალურია", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
0 კომენტარი