მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნატო-ს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონგრესმა გასულ წელს მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, კანონმდებლების ორი მესამედის მხარდაჭერის გარეშე, ქვეყნის პირველ პირს არ აქვს უფლება, ქვეყნის ნატო-დან გაყვანის საკითხი განიხილოს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც გასულ წელს კონგრესმა გადადგა იყო ის, რომ პრეზიდენტს აღარ აქვს უფლება, შეერთებული შტატები პირადი გადაწყვეტილებით ნატო-დან გაიყვანოს, ამისთვის კონგრესის ორი მესამედის მხარდაჭერაა აუცილებელი. ეს გაკეთდა უშუალოდ იმ შეშფოთების საპასუხოდ, რა მოხდება იმ შემხთვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება და ის ჩვენი ალიანსიდან გაყვანის გზას აირჩევს. ჩემი ვარაუდით, კონგრესში, ნატო-ს მიმართ, ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ალბათ, ამ კონფერენციაზე მეათად ვიმყოფები და ამ ხნის განმავლობაში, ყოველი ჩვენი დელეგაცია გახლდათ ორპარტიული მხარდაჭერით გაძლიერებული, რომ როგორც აქ, ისე ჩემს სამშობლოში - ჩვენ ერთად ვდგავართ იმ მისწრაფებების მხარდასაჭერად, რაც ამ კონფერენციის ფარგლებში განიხილება", - აღნიშნა სენატორმა.
სენატორმა შაჰინმა ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ როგორც დემოკრატს, "დონალდ ტრამპი სახიფათო ლიდერად მიაჩნია".
"რა თქმა უნდა, დემოკრატიულ სახელმწიფოში ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, რა არჩევანს გააკეთებს თავად ხალხი. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ხშირად ვიხსენებთ უინსტონ ჩერჩილის სიტყვებს - ამერიკელები საბოლოოდ აკეთებენ სწორ არჩევანს, როდესაც ყველა სხვა ვარიანტს გამოსცდიან. მე, როგორც დემოკრატი, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ დონალდ ტრამპის მხარდაჭერას. მიმაჩნია, რომ ის სახიფათო ლიდერი იყო, განსაკუთრებით თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში. 6 იანვარს, კაპიტოლიუმში ვიყავი, როდესაც მან შეტევა წაახალისა და უარი თქვა ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში კრიტიკულ საკითხს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა ადამიანის უფლებების, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და არ გვჯერა ავტოკრატების, რომლებიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგების აღიარებასა და ძალაუფლების დათმობაზე უარს აცხადებენ", - განაცხადა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა.
0 კომენტარი