სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ ტრამპის წინასაინაუგურაციო წვეულებას დაესწრო, რომელიც ვაშინგტონში 17 იანვარს გაიმართა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ღონისძიებაზე ყოფნის ამსახველი ფოტოები თავად ზურაბიშვილმა და ასევე, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გამოაქვეყნეს. სალომე ზურაბიშვილი სწორედ კონგრესმენ უილსონის მიწვევით, 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
კონგრესმენმა უილსონმა სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, მომავალ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთსა და არჩეული პრეზიდენტის ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს, წარუდგინა როგორც საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილმა, წინასაინაუგურაციო მიღების დასრულების შემდეგ, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ "ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადასცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება".
"პატივი მქონდა დავსწრებოდი "რესპუბლიკური პარტიის" წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება," - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი