ვაშინგტონში, "ჰადსონის ინსტიტუტში", საქართველოში მიმდინარე პროცესებზე პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც მომხსენებელთა შორის იყვნენ კონგრესმენი ჯო ვილსონი, "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა ტორტონი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი და "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი მონაწილეობდნენ. დისკუსია სალომე ზურაბიშვილის ონლაინ ჩართვით გაიხსნა, სადაც მან აუდიტორიას მიმართა, რომ ის "არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, არამედ, ლეგიტიმური პრეზიდენტი გახლავთ". 

პანელური დისკუსიისას, ლუკ კოფი, "ქართული ოცნების" მიერ, მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობის შესახებ წარმოებულ კამპანიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ნონსენსის ნაწილია.

"პირველ რიგში, მინდა ძალიან მკაფიოდ ვისაუბრო ერთ საკითხზე: ნონსენსია, რომ "გლობალური ომის პარტია" საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებს. შევეცდები, გარკვევით ვთქვა და რომ შემეძლოს, ქართულადაც ვიტყოდი, მაგრამ არ შემიძლია. თუმცა ინგლისურად ვიტყვი ძალიან ნელა: ვაშინგტონში არავის - არც ერთ სერიოზულ პოლიტიკოსს, კანონმდებელს ან კომენტატორს - არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი უნდა გახსნას, ან გამოიყენოს სამხედრო ძალა ოკუპირებული ორი რეგიონის დასაბრუნებლად. ეს არის შიშის ცნება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობის დასაშინებლად გამოიყენა, რათა ისინი დაარწმუნოს, რომ "ქართული ოცნებაა" ერთადერთი ძალა, რომელიც საქართველოში რუსეთის შეჭრას აჩერებს. ეს ნონსენსია. ვაშინგტონში ეს (მეორე ფრონტი) არავის უნდა. ამას არავინ ითხოვს", - აღნიშნა ლუკ კოფიმ. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *