ავტორი: დავით ზურაბიშვილი 

 

შესავლის მაგიერ: ბიძინა ივანიშვილის აპრილის თეზისები

როდესაც 2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ალბათ, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინ, საქართველოს ხელისუფლება იმდენად დაპირისპირებული აღმოჩნდებოდა თავის სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის ნაცვლად,  ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნები ღიად იტყოდნენ უარს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე და მთელ მმართველ ელიტას ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დაემუქრებოდა. რაც მთავარია, ურთიერთობათა ასეთ დონეზე გაფუჭება მოხდა არა რაღაც გარემოებების ფატალური დამთხვევით, არამედ, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ძალისხმევით. 2024 წლის 29 აპრილს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ და ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა, თავის საეტაპო გამოსვლაში ხელისუფლების მხარდაჭერ მიტინგზე, წარმოადგინა, შეიძლება ითქვას, ისტორიული და მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თვისობრივად ახალი ხედვა, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდება იმ ხედვისგან, რომელიც უცვლელად დომინირებდა ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამ ხედვის მიხედვით, საქართველოს ყველა უბედურებაში რაც კი გადაგვიტანია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დამნაშავეა ე.წ. გლობალური ომის პარტია, ანუ კრებსითი დასავლეთი. მართალია, კონკრეტული ქვეყნები ბიძინა ივანიშვილს არ დაუსახელებია, მაგრამ ამ პარტიაში რომ ამერიკა, ევროკავშირი და ზოგადად, დასავლეთი იგულისხმებოდა, ეს აბსოლუტურად ცხადი იყო. ივანიშვილი დასავლეთს ადანაშაულებს ქართული პოლიტიკური ყოფის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის არაერთ მცდელობაში, ქართული ეროვნული და რელიგიური იდენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში, რუსეთის წინააღმდეგ ომის გაჩაღების მოთხოვნაში და ა. შ. და ა. შ.

საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად საქართველოს ხელისუფლებამ აქცია არა უკეთესი ცხოვრების დაპირება ან თუნდაც არსებულის შენარჩუნება, არამედ, პრაქტიკულად, მთელი ოპოზიციის, როგორც დასავლეთის აგენტურის განადგურება და აკრძალვა. საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად ქართული საზოგადოების მანამდე არნახული მასშტაბის პროტესტისა, მიიღო ე.წ. რუსული კანონი, რომელიც გულისხმობს ყველა იმ ორგანიზაციის გამოცხადებას უცხო ძალის ინტერესების  გამტარებლად, ვინც კი თავისი შემოსავლის 25 პროცენტს მაინც დასავლური ფონდებიდან და გრანტებიდან იღებს. კანონის მიხედვით, ხელისუფლებას, პრაქტიკულად, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერიოს ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაში და გააჩეროს მისი პროექტების განხორციელება.

"ქართულმა ოცნებამ" ასევე მიიღო კანონი ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ამ თემს საქართველოში უკრძალავს ყველანაირ აქტივობას, რაც კი შეიძლება ასოცირებული იყოს მათ სექსუალურ იდენტობასთან, დაწყებული მიტინგებითა და მანიფესტაციებით, დამთავრებული ფილმებითა და პერფორმანსებით. გარდა ამისა, გაზაფხულიდან მოყოლებული, საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების მხრიდან არ წყდება ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და თანამდებობის პირების ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა, რითაც შორს გადაასწრეს რუსეთის, ბელარუსის, ირანისა თუ სხვა ანტიდასავლური ქვეყნების რიტორიკასაც კი. 

საქართველოს ხელისუფლების ამგვარ  ქმედებებს, შეუძლებელია არ გამოეწვია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის თანამეგობრობის რეაქცია და დღეს, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელისუფლება აღიქმება როგორც მათი მტერი და რიტორიკაც შესაბამისი აქვთ. ბუნებრივია, დღეს არც ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაა ლაპარაკი. სამაგიეროდ აქტიურად გვესმის გზავნილები მასშტაბურ სანქციებზე და შესაძლოა, ევროკაშირთან უვიზო რეჟიმიც გადაიხედოს. თუმცა, დასავლეთი ჯერ კიდევ მიჯნავს ერთმანეთისგან ქვეყნის მმართველ ძალასა და მის მოქალაქეებს. ერთადერთი მიზეზი, რის  გამოც დასავლეთისგან გამიჯვნას ჯერ არ მიუღია შეუქცევადი ხასიათი, არის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინი, სადაც მთელი ოპოზიციური სპექტრი პროდასავლური პოზიციიდან უპირისპირდება ხელისუფლებას. დაუბრუნდება თუ არა საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, მთლიანად ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.

აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მნიშნელოვანი ნიუანსი. ყველა გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის ასევე ისწრაფვის ევროპისკენ, ოღონდ "ღირსებითა და მშვიდობით". ცხადია, ამის მტკიცება ანტიდასავლური პროპაგანდის  ფონზე ცოტა უცნაურია, მაგრამ სწორედ აქ მივადგებით საინტერესო შეკითხვას: რატომ? რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" ანტიდასავლური ტალღის აგორება არჩევნების წინ იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა პროდასავლურ ორიენტაციას აღიარებს და თავის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს? რას ელოდა ამისგან? ხომ ცხადზე უცხადესი იყო, რომ ასეთი ტალღა სერიოზულად დააზიანებდა ხელისუფლების რეპუტაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ? პასუხი ამ კითხვაზე ცოტა პარადოქსულია: გააჩნია ვისი თვალით შევხედავთ.

ოლიგარქის თვალთახედვით

თანამედროვე ქართული პოლიტიკის ნიუანსებში რომ გავერკვეთ, ამისთვის კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემა გვაქვს. დღეს ჩვენ საქართველოში გვაქვს ერთი ადამიანის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეუზღუდავი ერთპიროვნული მმართველობა. იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, პიროვნების როლი არა უბრალოდ დიდი, არამედ, განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა და ჩვენს შემთხვევაშიც ასეა. ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და მთელი დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუციები, იქნება ეს მთავრობა, პარლამენტი თუ სასამართლო, არის მხოლოდ მისი ნების აღმასრულებელი. როგორ მივიდა ქვეყანა აქამდე, ცალკე თემაა, მაგრამ ამჯერად შემოვიფარგლოთ უბრალოდ ფაქტის კონსტატაციით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თანამედროვე ქართულ პოლიტიკას ფაქტობრივად განსაზღვრავს ერთი ადამიანის აღქმები, წარმოდგენები და შეხედულებები. ეს შეხედულებები კი, ხშირ შემთხვევაში ძალიან შორსაა იმ თამაშის წესებისგან, რაც მიღებულია პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებს აღიქვამს იმ სტანდარტებითა და კრიტერიუმებით, რაც მან აითვისა 90-იანების დასაწყისის რუსულ ოლიგარქიულ ბიზნესში. სხვა ცოდნა და გამოცდილება მას არა აქვს. როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჩაება და პრეზიდენტ სააკაშვილს დაუპირისპირდა, ის ჯერ კიდევ აცნობიერებდა თავის არაკომპეტენტურობას და საგარეო ურთიერთობებში, დიდწილად, პარტნიორ პარტიებს, "რესპუბლიკელებს" და "თავისუფალ დემოკრატებს" ეყრდნობოდა, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მან ჩათვალა, რომ უკვე ყველაფერი იცის და აღარც პარტნიორები სჭირდება. 

ამას ემატება ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი მიდრეკილია კონსპირაციებისკენ, სჯერა შეთქმულების თეორიების და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ პროცესებს ყოველთვის ჩრდილში მდგომი ძალები მართავენ და არა საჯარო ფიგურები. ამიტომაც, როდესაც მას საყვედურობდნენ ჩრდილოვან მმართველობაზე, ის ამას აღიქვამდა როგორც პერსონალურ თავდასხმას, რადგან მიაჩნდა, რომ ვინც მას აკრიტიკებდა და აკრიტიკებს, იმის ქვეყანაშიც იგივე ტიპის მმართველობაა და რაც საჯაროდ ჩანს, მხოლოდ ფასადია.

იმავდროულად, მისი ასეთი, ვიტყოდი, განსაცვიფრებელი არაკომპეტენტურობა შერწყმულია 90-იანების ოლიგარქიულ რუსეთში ათვისებულ ძალაუფლების ტექნოლოგიასთან, რომელსაც ის საკმაოდ ვირტუოზულად ფლობს. ეს ძალაუფლების ტექნოლოგია კი გულისხმობს "გათიშე და იბატონე" პრინციპით მოქმედებას, პარტნიორებისა და ქვეშევრდომების ერთმანეთზე წაკიდებას, ფარული ჩანაწერებითა და სხვა კომპრომატებით მანიპულირებას და ათასგვარ სხვა ბანდიტურ-მაფიოზურ მეთოდებს. ამ ტექნოლოგიაში სიტყვასა და დაპირებას ფასი არ აქვს: შეგიძლია დღეს ერთი თქვა, ხვალ - სხვა და ზეგ კიდევ - სულ სხვა. ბიძინა ივანიშვილი, ამ მხრივ, ტიპური 90-იანების ოლიგარქია, რომელიც იმ ეპოქიდან ვერ გამოვიდა და დღემდე დარწმუნებულია, რომ იმდროინდელი რუსული გამოცდილება და უნარ-ჩვევები, 21-ე საუკუნის მესამე დეკადის მსოფლიო პოლიტიკაშიც, ეფექტური და მომგებიანია.

და თუკი ამ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ოლიგარქიულ-მაფიოზური თვალთახედვით შევხედავთ ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ ქმედებებს, მაშინ ბევრი რამ გახდება ნათელი და ლოგიკური. ეს ლოგიკურობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილი სწორად და მართებულად მოქმედებს, მაგრამ იძლევა იმის ახსნას, თუ რატომ მოქმედებს ასე არასწორად და უმართებულოდ.

ყველაფერი დაიწყო შვეიცარიულ ბანკ "კრედიტ სუისთან" კონფლიქტით, სადაც ბიძინა ივანიშვილს თავისი ფინანსური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილი ჰქონდა განთავსებული. ბანკი ჩართული აღმოჩნდა ფინანსურ მაქინაციებში, რის შედეგად ივანიშვილი ფინანსურად დაზარალდა და ბანკს სასამართლოში უჩივლა. ეს დავა ჯერ კიდევ 8 წლის წინ დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა რამდენიმე სასამართლო პროცესი მოიგო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა. წესით, აღნიშნული სასამართლო დავა პოლიტიკურ პრობლემად არ უნდა ქცეულიყო, მაგრამ კონსპირაციებისა და შეთქმულების თეორიებისკენ მიდრეკილმა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ბანკის მეშვეობით, მას ამერიკის მთავრობა უწყობდა შანტაჟს და ამის შესახებ ფრთხილად, მაგრამ არაორაზროვნად დაიწყო საჯაროდ ლაპარაკი.

რა რეაქცია შეიძლება ამაზე ჰქონოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს? ცხადია, ისინი თავაზიანად შეეცდებოდნენ ბიძინას გადარწმუნებას, ოღონდ კულუარულად და არასაჯაროდ. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის თუნდაც არაფორმალურ ლიდერებს, პირველივე შემთხვევაში, საჯაროდ არ აკრიტიკებენ და თავს არ ესხმიან. ასეთია თამაშის წესები პოლიტიკაში. როგორ აღიქვამდა ამას ივანიშვილი? რასაკვირველია სისუსტედ და დანაშაულის ირიბ აღიარებად, რადგან ოლიგარქიულ-მაფიოზური კრიტერიუმებით ეს ასეა. შედეგად, ივანიშვილი კი არ მშვიდდება, არამედ, ტონს ამკაცრებს. რა მოჰყვება ამას? ის, რომ ბიძინა იგებს სასამართლო პროცესს ბანკთან, რაც მისთვის იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ მკაცრმა ტონმა გაჭრა და ამერიკამ უკან დაიხია (ბიძინას ხომ არ სჯერა სასამართლოების დამოუკიდებლობის და ალალად ჰგონია, რომ ყველა ქვეყნის ხელისუფლებას თავისი მურუსიძე და ჩინჩალაძე ჰყავს?!). აქედან გამომდინარე, ის ასკვნის, რომ ეტყობა, ამერიკისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საქართველო, რომ ვერ მიდის ურთიერთობის ღიად გამწვავებაზე და ენჯეოებისა და სხვა ადგილობრივი აგენტურის ხელით "ეჩალიჩება". არასამთავრობო სექტორი და ე.წ. პროდასავლელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი რომ ამერიკის აგენტები არიან, ამას ივანიშვილი ადრეც ფიქრობდა, ოღონდ ეს არ აწუხებდა, რადგან ამერიკას მტრად და საკუთარი ძალაუფლების საფრთხედ არ აღიქვამდა.

რა ხდება შემდეგ? ის, რომ ბანკი, ცხადია, არ ნებდება ადვილად და ყველანაირ საბაბს ეჭიდება, რათა სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხები არ გადმორიცხოს. შესაბამისად ბიძინას ქცევა ხდება სულ უფრო და უფრო გამომწვევი და თავხედური. ადრე ხომ გაუვიდა ასეთი ქცევა და რატომ უნდა თქვას უარი იმაზე, რამაც შედეგი მოუტანა? ოფიციალურ დონეზე კი, ეს ვლინდება ივანიშვილის მარიონეტების, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლურ რიტორიკაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ხისტი და მკვეთრი ხდება.

კარგად მესმის, რომ რასაც ვწერ, რაღაც ფანტასმაგორიულ სიუჟეტს უფრო ჰგავს, მაგრამ როდესაც ქვეყანას მართავს კონსპირაციებით შეპყრობილი არაკომპეტენტური ადამიანი და მთელი სახელმწიფო სიმძლავრეები მის სრულ განკარგულებაშია, ფანტასმაგორია ხდება ყოველდღიური რეალობა. რთული სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა დასავლეთთან დაპირისპირების ეს არაადეკვატური ესკალაცია და რა ფორმებს მიიღებდა, რომ არა რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში.

ომში როგორც ომში

უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსეთის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ზოგადად, დასავლეთის დამოკიდებულება იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნელთბილად ფრთხილი. რუსეთი არ აღიქმებოდა მეგობარ სახელმწიფოდ, მაგრამ ის ასევე არ აღიქმებოდა გლობალურ და ეგზისტენციურ საფრთხედ. მთავარ გეოპოლიტიკურ მტრად ამერიკა ჩინეთს უფრო მიიჩნევდა, ხოლო ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, რუსეთში სავაჭრო პარტნიორს უფრო ხედავდნენ, ვიდრე სამხედრო პოლიტიკურ საფრთხეს. აღმოსავლეთ ევროპის გამოკვეთილი ანტირუსობაც, უფრო ისტორიული ტრავმის გამოვლინებად მიიჩნეოდა.

ამ ვითარებაში, ივანიშვილის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, როდესაც ოკუპანტ ქვეყანაზე ან კარგი ითქმებოდა, ან არაფერი, ბევრად უფრო შეესაბამებოდა დასავლეთის ინტერესებს, ვიდრე, ვთქვათ, ქართული ოპოზიციის და განსაკუთრებით, "ნაციონალური მოძრაობის" მკვეთრ ანტირუსულ პათოსს. გარკვეულწილად, ამითაც შეიძლება აიხსნას ის, რომ ივანიშვილის კონსპიროლოგიურ ბრალდებებზე დასავლეთი საკმაოდ თავშეკავებით რეაგირებდა. მას, ფაქტობრივად, ევროსაბჭოს პრეზიდენტის "გადაგდებაც" კი ეპატია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ შარლ მიშელის საშუამავლო მისიით მიღებულ პირობებს ჯერ ხელი მოაწერა და დაეთანხმა, მერე კი, ეს ხელმოწერა უკან წაიღო.
ეს პარადიგმა არსებითად შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები არსად გამქრალა და ეს არ არის მხოლოდ წარსულის ინერცია. ეს დაადასტურა პუტინის ინტერვიუებმაც, სადაც მან დაუფარავად განაცხადა, რომ საკუთარი ექსკლუზიური გავლენის სფეროდ მიიჩნევს არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის, არამედ, მეფის რუსეთის ტერიტორიებს. შედეგად, რუსეთი კვლავ ხდება დასავლეთის მტერი და  ევროპა, ფაქტობრივად, ბრუნდება ცივი ომის ეპოქაში, როდესაც მკაფიო ხაზი იყო გავლებული დასავლეთისა და რუსეთის გავლენის ზონებს შორის.
გეოპოლიტიკური პარადიგმის ასეთი რადიკალური ცვლილება არც ევროპისთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ იყო მარტივი ამბავი. ათწლეულობის მანძილზე ჩამოყალიბებული ურთიერთობის მოდელებისა და შესაბამისი სახელმწიფო-ბიუროკრატიული სტრუქტურების გადაწყობა ახალ რეალობაზე, უამრავ ტექნიკურ და არა მარტო ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ აქ მთავარია სტრატეგიული გადაწყვეტილება და არა სირთულეები და ხარვეზები ამ გადაწყვეტილების რეალიზების პროცესში.
ბუნებრივია, საქართველო და ქართული პოლიტიკა ამ გეოპოლიტიკური მიწისძვრისგან დისტანცირებული ვერ იქნებოდა. რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, ერთის მხრივ, გაზარდა რუსეთიდან მომავალი საფრთხე, რადგან სრულიად ცხადი გახდა, რომ თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევდა უკრაინაში, მისი ამბიციები სამხრეთ კავკასიაშიც ერთიორად გაიზრდებოდა, თუმცა, მეორეს მხრივ, გაიხსნა აქამდე არნახული შესაძლებლობები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ახალი პარადიგმის კონტექსტში, საქართველო მოაზრებულ იქნა როგორც დასავლური გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი. როდესაც გერმანიის კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები კი არ იყო, არამედ, პოლიტიკური განაცხადი. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის გაიხსნა ევროკავშირის კარი და დაიწყო ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების ფორსირებული პროცესი. ფორსირებული იმდენად, რამდენადაც ევროკავშირში მიღებისთვის საჭირო მინიმალურ პირობებს არცერთი ეს სახელმწიფო არ აკმაყოფილებდა და ვითარებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი მიენიჭა წმინდა პოლიტიკურ ფაქტორს, კერძოდ, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას რუსეთის აგრესიის მიმართ.
ბიძინა ივანიშვილმა პრინციპულად ვერ მიიღო ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და შეეცადა ერთგვარი ნეიტრალური პოზიციის დაჭერას არა მარტო ფრონტის ხაზზე დაპირისპირებული მხარეებს, არამედ, მთლიანად დასავლეთსა და ე.წ. რუსსკი მირს შორის. ივანიშვილი შეეცადა უცვლელად გაეგრძელებინა ის პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რაც ომამდე ჰქონდა, რადგან მისი ოლიგარქიული ტექნოლოგიიდან გამომდინარე, რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსი იყო მისი პიროვნული ძალაუფლების ერთ-ერთი მნიშნელოვანი კომპონენტი. დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, დაერწმუნებინათ ივანიშვილი უკრაინისადმი მხარდაჭერის ცალსახად დეკლარირებაში, საქართველოს ფაქტობრივმა მმართველმა აღიქვა როგორც ომში ჩათრევის მცდელობა და მისი კონსპიროლოგიური შფოთვები, რომ მას ჩამოგდებას უპირებენ არასამთავრობო სექტორის ხელით, კიდევ უფრო გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლებაში დაიწყეს ლაპარაკი "გლობალური ომის პარტიაზე", ანონიმურ მისტიურ ძალაზე, რომელსაც მათი თქმით, ძალიან დიდი გავლენა აქვს ამერიკულ და ევროპულ პოლიტიკაზე და ქართული სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციაც ამ გლობალური პარტიის აგენტურად შეირაცხა. ხელისუფლებაში კი უარყოფდნენ  იმას, რომ გლობალური ომის პარტიაში დასავლეთის ქვეყნები იგულისხმებოდნენ, მაგრამ ნებისმიერი კრიტიკული გამონათქვამი დასავლეთიდან სწორედ ამ პარტიას მიეწერებოდა და ისე გამოდიოდა, რომ დასავლეთის თითქმის ყველა ლიდერი, მათი ელჩების ჩათვლით, ამ მითიური პარტიის მარიონეტები იყვნენ.
ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს იმისთვის, რომ ივანიშვილის შფოთვები ჩაეცხროთ და ეს გარკვეულწილად მოხერხდა კიდეც. ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი უკან გაიწვია და განაცხადა, რომ ამ საკითხს აღარ დაუბრუნდებოდა. ასევე, აღარ მიეცა მსვლელობა შესწორებებს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში, რადგან, როგორც დაუფარავად განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გადატრიალების საფრთხე აღარ არის და შესაბამისად, მიტინგების შეზღუდვაც აღარ გვჭირდებაო. საბოლოოდ კი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა ისე, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ პირობად დაყენებული  მოთხოვნები, პრაქტიკულად, არ შეასრულა.

სტატუსის მიღებამ ივანიშვილი კიდევ უფრო გაათამამა და უფრო მეტად დაარწმუნა იმაში, რომ მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკა დასავლეთის მიმართ წარმატებულია და შედეგები მოაქვს. და სწორედ აქ დაუშვა ივანიშვილმა საბედისწერო შეცდომა: მან გადაწყვიტა მთლიანად მოესუფთავებინა პოლიტიკური ველი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, იდეურად და ორგანიზაციულად გაენადგურებინა ოპოზიცია, კრიტიკული მედია და არასამთავრობო სექტორი, პრაქტიკულად, უკონკურენტოდ გაემარჯვა არჩევნებში და მერე ახალი ლეგიტიმაციით ზურგმომაგრებულს ევაჭრა დასავლეთთან და მოეთხოვა ურთიერთობების გადატვირთვა მისთვის ხელსაყრელი პირობებით. სწორედ ამ მიზნით შემოაბრუნა ივანიშვილმა ე.წ. რუსული კანონი პარლამენტში და სახელმწიფოს მთელი პროპაგანდისტული არსენალი ანტიდასავლურ კამპანიაში ჩააბა.


დამსხვრეული ოცნებები

ერთგვარი შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ, ჩვენ ბოლო დრომდე გვქონდა ერთგვარი პარადოქსული ვითარება, როდესაც არაკვალიფიციურ და კონსპიროლოგიურ შეხედულებებს არათუ რამე სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ, ამ შეხედულებებიდან გამომდინარე ლოგიკით მოქმედებამ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც კი მოუტანა. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი სრულად დარწმუნდა, რომ მისი გათვლები სწორია, დასავლეთს საქართველო უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს დასავლეთი და ის როგორც არ უნდა მოიქცეს და რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი შერჩება. იმავდროულად, ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის სჯეროდა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის ქსენოფობი, ჰომოფობი და ანტილიბერალი. საკუთარ თავს ის ასეთად არ აღიქვამდა და მეტიც, ერთგვარად ამ სტიქიის შემაკავებლადაც კი მოიაზრებდა. თუმცა, რამდენადაც 2024 წლისთვის მას სჭირდებოდა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება, ჩათვალა, რომ  პოპულისტური პროპაგანდა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ანტიდასავლური კამპანია შიდაპოლიტიკური ველის მოსუფთავების მიზნით, ივანიშვილმა სრულიად მიზანმიმართულად წამოიწყო. ამას, მისი გათვლებით, მკვეთრად უნდა გაეზარდა მმართველი პარტიის პოპულარობა ხალხში და მოეხდინა ოპოზიციის სრული დისკრედიტაცია.
რასაკვირველია, ასეთ მძიმე არაკვალიფიციურობა და არაკომპეტენტურობა საბოლოო ჯამში შეუძლებელია კრახით არ დასრულებულიყო და ასეც მოხდა, პრაქტიკულად, ყველა ინიციატივა, რომელსაც ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა გაეზარდა, ჩაფლავდა.

ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ რუსული კანონის შემობრუნება არ გამოიწვევდა ხალხმრავალ პროტესტს, რადგან მასობრივი პროპაგანდით მოახერხებდა ახალგაზრდობის დარწმუნებას იმაში, რომ ის მხოლოდ რამდენიმე გრანტიჭამია ენჯეოს ერჩის, მაგრამ მოტყუვდა.

მას ასევე ეგონა, რომ ჰომოფობიური რიტორიკით მიიმხრობდა ხალხის ფართო მასებს, მაგრამ ვერ მიიმხრო, რადგან ხელისუფლების რიტორიკა, თითქოს ისევ ისინი თუ არ აირჩიეს, ერი გადაგვარდება და დედას დედა აღარ ერქმევა და მამას მამა, ხალხმა სერიოზულად არ მიიღო. 

მას ეგონა, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით მიიმხრობდა ეკლესიასა და მრევლს. არ გამოუვიდა. ეკლესიამ ამ ინიციატივაში არცთუ უსაფუძვლოდ სახელმწიფო კონტროლის სურვილი დაინახა და  უარი თქვა.

და ბოლოს, ივანიშვილს ეგონა, რომ სეპარატისტებისთვის ბოდიშის მოხდითა და ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებით რუსეთისგან მიიღებდა რაღაც ბუნდოვან მინიშნებას მაინც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამბავში, მაგრამ არათუ ვერ მიიღო რამე მსგავსი, არამედ, პირიქით, ჯერ დაელაპარაკეთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს, გააფორმეთ მათთან თავდაუსხმელობის ვალდებულება და მერე გენაცვალოთ ჩემი თავიო, შემოუთვალეს რუსებმა. 

მოკლედ, ყველაფერმა, რაც კი ივანიშვილის გათვლით, პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, სრულიად საპირისპირო ეფექტი მოიტანა. მხარდაჭერის ზრდის ნაცვლად, ხელისუფლებამ მიიღო ქართული საზოგადოების არნახულად მასშტაბური პროტესტი და უკმაყოფილება. ასევე, მცდარი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი, რომ რუსული კანონის შემობრუნება  და ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერება არ გამოიწვევდა დასავლეთის მკვეთრ რეაქციას. ის არწმუნებდა თავისი გარმოცვის წევრებს, რომ არანაირი სანქციები არ იქნებოდა  და საქართველოს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ვარიანტში გაუხსნიდნენ. რეალობა აღმოჩნდა გაცილებით სასტიკი და დღეს საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, პოლიტიკური კეთროვანია. 

ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდისთვის, რაც მათ კამპანიასა და რიტორიკასაც დაეტყო. არჩევნებამდე იმდენად ცოტა დროა დარჩენილი, რომ ახლა ხელისუფლების მხრიდან უკან დახევა და რიტორიკის გადაწყობა მას უბრალოდ დაანგრევს, არადა, ანტიდასავლური რიტორიკაც აშკარად წამგებიანია. საქმეს აღარ არ შველის ის, რომ "ქართული ოცნება" თავის მიზნადაც ევროკავშირში შესვლას ასახელებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ცალსახად ამბობენ, რომ ასეთი რიტორიკითა და კანონმდებლობით, საქართველო ევროკავშირში ვერასდროს შევა.

დასკვნის მაგიერ - როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი?

ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებასა და ერთპიროვნული მართვის ბერკეტებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეინარჩუნებს - თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს არჩევნებში და ამ გამარჯვების ლეგიტიმურობას აღიარებს ქართული საზოგადოებაც და დასავლეთიც. ამ სიტუაციაში დასავლეთიც იძულებული იქნებოდა რეალობისთვის ანგარიში გაეწია. ამიტომაც იმეორებს ხელისუფლება, რომ მთავარია არჩევნებში გამარჯვება და მერე ყველაფერი "დალაგდება." ოღონდ ხელისუფლებას აქ "ავიწყდება" აღნიშნოს, რომ ეს გამარჯვება უნდა იყოს ლეგიტიმური და უნდა მოხდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების პირობებში, და რამდენადაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი მგონია ლეგიტიმურ არჩევნებში "ქართული ოცნების" ხმები უფრო მეტი აღმოჩნდეს ვიდრე ბარიერგადალახული ოპოზიციის, ხელისუფლების შეცვლა, ვფიქრობ, აუცილებლად მოხდება. ეს მოხდება მაშინაც კი, თუ ცესკო ხელისუფლების გამარჯვებას დააფიქსირებს, მაგრამ ამ შედეგებს არ აღიარებს არც ქართველი ხალხი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ბუნებრივია, ამას მოჰყვება ძალიან მასშტაბური პროტესტი და ხელისუფლებას, ელემენტარულად, რესურსი არ ეყოფა მასთან გასამკლავებლად.

კონკრეტულად ვინ მოვა ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ნაცვლად, რთული სათქმელია, მაგრამ ჩვენ, ალბათ, პირველად გვექნება რეალური კოალიციური მმართველობა და არა ის მდგომარეობა, როდესაც ყველაფერს მართავს ერთი ადამიანი და მისი ვიწრო გარემოცვა. ასეთმა მმართველობამ სანამდე მიიყვანა ქვეყანაც და თავად ის ადამიანიც თავისი გარემოცვით, ყველანი კარგად ვხედავთ და არა მარტო ჩვენ ვხედავთ. ვფიქრობ, 2024 წლის მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, დაწყებული რუსული კანონის შემობრუნებიდან, ისტორიაშიც კი შევა, როგორც იმის ნათელი ილუსტრაცია, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს პოლიტიკოსი და რას არ უნდა აკეთებდეს არავითარ შემთხვევაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *