ავტორი: ზაზა დობორჯგინიძე
ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერები, რომლებზეც უკრაინის ომში დანგრეული შენობები ქართულ შენობებსაა შედარებული, ბევრმა სამართლიანად დაგმო, როგორც ამორალური, მაგრამ რამდენადაც მიუღებელია ეს ბანერები ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის, იმდენად დამატებით მოტივაციას წარმოადგენს ოცნების პოტენციური ამომრჩევლისთვის, რომელსაც ჩანერგილი აქვს შიში, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა ომს გამოიწვევს. ერთია მშვიდობაზე აბსტრაქტული საუბარი, ხოლო მეორე შიშის პირდაპირ, უხეშად გენერირება ომის ვიზუალური ხატებით, რაც ადამიანს უსაფრთხოების განცდას უკარგავს და ძალადობრივი სიკვდილის შიშს აღძრავს, რაც ადამიანის უმთავრესი ინსტინქტია.
ოცნების პროპაგანდის თანახმად არსებობს ჩრდილოვანი ორგანიზაცია, “გლობალური ომის პარტია” (Deep State-ის ქართული ანალოგი), რომელიც ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ოპოზიცია კი ამ გლობალური კონსპირაციის ნაწილადაა წარმოჩენილი, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც შეთქმულებას ეწინააღმდეგება. დაშინების ტრადიციული ტაქტიკა, “ სისხლიანი ნაცები”, აღარაა საკმარისად ეფექტური საფრთხობელა უკმაყოფილების შესაკავებლად, არამედ მთელი ოპოზიცია უცხოური ინტერესების გამტარად უნდა გამოჩნდეს, ამიტომაც ბანერებზე ნაციონალურ მოძრაობასთან სხვა პარტიების ნომრებსაც ვხედავს.
29 სექტემბერს, თბილისის მერმა და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის დიდი საშიშროებაა. "მსოფლიოში არსებული დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, დიდია საშიშროება იმისა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ამის მიდრეკილება აქვთ რადიკალურ დაჯგუფებებს და მათ პატრონებს. ეს პროცესები დღეს არ დაწყებულა. პირდაპირ დავიწყეთ ჩვენ საუბარი, რა მუქარა და შანტაჟი არსებობდა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქართულმა ოცნებამ მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა". - თქვა მან.
ამერიკელი კოგნიტური ლინგვისტი ჯორჯ ლაკოფი, თავის წიგნში „არ იფიქრო სპილოზე!“ ამტკიცებს, რომ „ფრეიმინგი“ (Framing) აყალიბებს ჩვენ აღქმებს, ააქტიურებს ქვეცნობიერ მენტალურ სტრუქტურებს, რომლებსაც გავლენა აქვთ იმაზე, თუ როგორ ვინტერპრეტირებთ ინფორმაციას. მას ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის მიერ საჯარო დისკურსში ტერმინ „საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების“ (Tax Relief) დამკვიდრება, რომელსაც თეთრი სახლი იმეორებდა იმდენად ხშირად ჯორჯ ბუშის საგადასახადო რეფორმებთან დაკავშირებით, რომ ბოლოს დემოკრატებმა, New York Times-მა და CNN-მა დაიწყეს მისი აქტიური გამოყენება. თუ გადასახადები ტვირთია, რომელიც შემსუბუქებას საჭიროებს, ყველა ვინც ამას ეწინააღმდეგება ავტომატურად ბოროტმოქმედია.
პოლიტიკური პროპაგანდისთვის “ფრეიმინგის” გამოყენებაში ახალი არაფერია, ძველი რომის სამოქალაქო ომში, ოქტავიანემ, მიუხედავად იმისა რომ გამორჩეულად კარგი გენერალი არ ყოფილა, მარკუს ანტონიუსი ჯერ საინფორმაციო ომში დაამარცხა იმით, რომ იგი „გააშავა“ როგორც „უცხოური გავლენის აგენტი“ კლეოპატრასთან მისი ურთიერთობის გამო. ოქტავიანემ გამოაქვეყნა ანტონიუსის ანდერძი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ანტონიუსს რომის ნაცვლად ალექსანდრიაში კლეოპატრასთან ერთად დამარხვა სურდა. ოქტავიანემ იმეორებდა ამას იმდენად ხშირად, რომ რომის სამოქალაქო ომი გარდაიქმნა ომად რომის სუვერენიტეტისთის და ტრადიციების შენარჩუნებისთვის უცხოური გავლენის წინააღმდეგ - ამით ოქტავიანემ საზოგადოებისა და სენატის შეხედულებები ანტონიუსის წინააღმდეგ შემოატრიალა,
რამაც საბოლოოდ ბრძოლის ველზე გამარჯვება მოუტანა.
2024 წლის საქართველოში, მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პოლიტექნოლოგიები მსგავს მიდგომას ეყრდნობა, რომლის საბოლოო მიზანია არჩევნების „ფრეიმინგი“, როგორც “ომსა და მშვიდობას შორის რეფერენდუმის.” ეს აისახება არა მხოლოდ აგენტის კანონებში, ან წინასაარჩევნო ბანერებში, არამედ რუტინულ პროპაგანდაშიც: ავიღოთ თუნდაც ბოლოდროინდელი ჩაშლილი მოლაპარაკებები მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას პარტიებს შორის, რომელიც ტვ იმედზე გაშუქდა, როგორც “გლობალური ომის პარტიის” დაკვეთა. ეს მესიჯი სპონტანური არ ყოფილა. ჯერ კიდევ 2023 წელს სამთავრობო მედიაში ცირკულირებდა ზაზა შათირიშვილის ციტატა, რომ „ამერიკელები საქართველოში ფსევდოშუაშისტური ფლანგის შექმნას ცდილობენ, რისთვისაც გახარიას და ხაზარაძეს გააერთიანებენ.“ როცა მოლაპარაკებები ჩაიშალა, იმედმა ეს გააშუქა როგორც “გახარია და ხაზარაძე არ დაემორჩილნენ გლობალური ომის პარტიის ბრძანებას” და გახარიას და IRI-ს წარმომადგენლის შეხვედრის ფოტოც კი გამოაქვეყნა წარწერით “IRI-ს წარმომადგენელმა გახარია დაუმორჩილებლობისთვის დატუქსა.” პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მოლაპარაკებების მოულოდნელად, მხარეებთან შეუთანხმებლად გახსნამ ორივე პარტია შეიყვანა ქაოტურ პროცესში, რამაც კიდევ ერთხელ გამოკვება ოცნების პროპაგანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე და შეშლილ კონსპირაციად ჟღერს, მიზეზი რატომაც “მეორე ფრონტის” პროპაგანდა რეზონირებს ამომრჩეველთან არა მხოლოდ ისაა, რომ ხალხს ომის ეშინია და და ოცნება უსაფრთხოების განცდას აძლევს, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორია ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების კონტრ-პროპაგანდის სისუსტე და ოცნების პროპაგანდისტულ მესიჯებზე ყოველ ჯერზე წამოგება. ოპოზიციის ხშირი მილიტარისტული და ემოციური გამონათქვამები რუსეთზე აძლევს მასალას სამთავრობო პროპაგანდას, რომ შეძლოს არჩევნების “ფრეიმინგი”, როგორც „მშვიდობასა და ომს შორის რეფერენდუმი”.
წელს სამთავრობო მედიაზე და სოცმედია არხებზე ერთ-ერთი ყველაზე გაშუქებადი ნაწყვეტები ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას “ასეთ სირცხვილს შესაძლოა სჯობდეს ბომბები ცვიოდეს” , ნაცმოძრაობის საგარეო მდივნის, ზურა ჭიაბერაშვილის “დიახ მე მინდა ომი” და გიგი უგულავას “დიახ, ომიც მოსულა” იყო. წინასაარჩევნო კამპანიაშიც კი, ბიძინა ივანიშვილმაც „ლომჯარიას ფოერვერკით“ შეაშინა ხალხი. პოზიციის მიერ უკრაინაში იარაღის გაგზავნის მხარდაჭერა, რუსეთის სანქცირებების მოთხოვნა, რამაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ეკონომიკა, ხელსაყრელი აღმოჩნდა ოცნების პროპაგანდისთვის, ისევე როგორც ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსანის კომენტარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ოცნების პროპაგანდის მნიშვნელოვანი ასპექტია ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოდგენა ქართული ტრადიციების მტრებად. კახეთში ოპოზიცია არახელსაყრელ პირობებშია, რადგან ისინი აკრიტიკებდნენ მეფე ერეკლე II-ს. თუნდაც ამას უშუალოდ პარტიის ლიდერები არ აკეთებდნენ, ისიც საკმარისია, რომ ოპოზიციასთან აფილირებული პირი დაესხას თავს ქართველებისთვის პატივსაცემ ისტორიულ ფიგურას. ლევან ბერძენიშილი ერეკლე მეორეს „პრორუსულს“ და „მოღალატეს“ უწოდებს, რაც ისტორიულად მცდარია. ერეკლე II იყო რეფორმატორი და პროგრესული მმართველი; თუ ვინმეს უნდა განადიდებდეს მას, პირველ რიგში ლიბერალები და პროგრესისტები. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ერეკლეს მეორეს მიანიჭა თავისთვის სასარგებლო მნიშვნელობა და ამით ცდილობენ საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც პრაგმატული ლიდერები, რომლებიც ომის თავიდან არიდებას ცდილობენ. ერეკლეს ძეგლის აღმართვა „ქართული ოცნებისთვის“ სარგებლის მომტანი იქნება და მათი მიზნობრივი ელექტორატის ყურადღებასაც მოიზიდავს.
ანტისამთავრობო პროტესტებზე უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ასევე დაეხმარა "ქართული ოცნების" ნარატივს სუვერენიტეტში უცხოურ ჩარევაზე, ხოლო გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როტის, კრიტიკული კომენტარები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე "ქართული ოცნების" კონტროლირებადმა მედიამ ასევე სათავისოდ გამოიყენა, რათა ოპოზიცია ქართული ღირებულებებისა და ტრადიციებისგან დაშორებულ ძალად წარმოეჩინა.
ეფექტური კონტრ-პროპაგანდა პროაქტიული კომუნიკაციაა. ამის შესანიშნავი მაგალითია ბარაკ ობამას 2008 წლის სიტყვა რასის საკითხზე — „უფრო სრულყოფილი კავშირი“. (, "A More Perfect Union." ) ობამას ყოფილმა პასტორმა გააკეთა პროვოკაციული განცხადებები რასიზმსა და აშშ-ის მთავრობაზე, რაც „ანტიამერიკულად“ იქნა აღქმული და ობამას კამპანიას საფრთხეს უქმნიდა. ობამას გუნდმა გააცნობიერა, რომ ეს საკითხი შეიძლებოდა ზედმეტად გაზვიადებულიყო და მისი კანდიდატურისთვის ზიანი მიეყენებინა, ამიტომ თავად ობამამ წამოჭრა ეს თემა. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დისტანცირება მოეხდინა ან უარყოფა ეცადა, მან ეს საკითხი ფართო კონტექსტში მოაქცია — ამერიკაში რასობრივი ურთიერთობების ჭრილში. რაც პირადი სკანდალით დაიწყო, ეროვნულ დისკუსიად იქცა და საზოგადოების მხრიდან ფართო მოწონება დაიმსახურა.
საქართველოში ოპოზიცია არა მხოლოდ ვერ ახორციელებს ასეთ პროაქტიულ კომუნიკაციას, არამედ ხშირად მიხვდება ზიანს მხოლოდ თვეების შემდეგ, რაც ის უკვე დამდგარია. ადეკვატური პოლიტიკური გარემოს პირობებში, მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ საერთოდ დაიწყებდა თავისი რიტორიკის აგებას მშვიდობაზე და სრულად გამოიყენებდა გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას, კომპეტენტური ოპოზიცია დაინახავდა საფრთხეს და წინასწარ შეუშლიდა ხელს „ქართულ ოცნებას“ მშვიდობის ნარატივის მითვისებაში. ამის ნაცვლად, ამ და სხვა საკითხებზე ისინი პროპაგანდის იდეალური სამიზნეები გახდნენ. მათ დასცინეს მშვიდობის იდეას, მიუხედავად იმისა, რომ ომის შიში ხალხისთვის რეალური პრობლემაა, და კულტურულად ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მშვიდობის სადღეგრძელო იწყებს ყველა სუფრას. მათ გააკეთეს რადიკალური, მილიტარისტული და ემოციური განცხადებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად ამოკრიფა და საკუთარ ნარატივში ჩართო.
პრობლემის საფუძველი ისაა, რომ ოპოზიციში ან არასამთავრობო სექტორში არავინ აკვირდება „ქართული ოცნების“ საინფორმაციო სტრატეგიას. „აჰ, ვერ ვუყურებ სამთავრობო მედიას“ — ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ. მართალია, ზუსტად იმიტომ, რომ ვერ უყურებთ, გაქვთ პრობლემა. ოპოზიციაში ყოველი პარტია უნდა ჰყავდეს არა მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი, არამედ მთელი გუნდები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და პროგნოზირებენ პროპაგანდის ტენდენციებს და მუდმივად მუშაობენ ამ საკითხზე.
საბოლოოდ, 2024 წლის არჩევნები ორ რეფერენდუმად იქნება წარმოდგენილი: ოპოზიციისთვის ეს იქნება არჩევანი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის; „ქართული ოცნებისთვის“ კი — ომსა და მშვიდობას შორის. თუ ოპოზიციას წარმატების იმედი აქვს, მან უნდა შეძლოს საკუთარი ექო კამერებიდან გამოსვლა და საქართველოში არსებული სოციალური დინამიკის აღქმა.
0 კომენტარი