ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს, რამდენიმე აფეთქება მოხდა, რაზეც პასუხისმგებლობა ირანმა აიღო.
„ბალისტიკური რაკეტები გამოყენებულია რეგიონში მოქმედი აგენტების ცენტრებისა და ანტი-ირანული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ,“ - ნათქვამია ირანის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანია დაღუპული. მათ შორის, ქურთი ბიზნესმენი, ფეშრავ დიზანი და მისი ოჯახის წევრები. აშშ-ის საკონსულოს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ამერიკის მოქალაქეები არ არიან და არც საკონსულოს შენობა დაზიანებულა.
თეირანის განცხადებითვე, თავდასხმა განხორციელდა სირიაშიც, რომლის მიზანიც “ბოლოდროინდელ ტერორისტულ თავდასხმებზე საპასუხო დარტყმის განხორციელება იყო”. თავდასხმაზე ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედიაც ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის აგენტების შტაბ-ბინაზე, სადაც ირანსა და რეგიონში ჯაშუშური ოპერაციებისა და ტერაქტების დაგეგმვა ხორციელდებოდა”.
ერაყის ქურთისტანის ავტონომიის უშიშროების საბჭომ, ირანი უსაფუძვლო თავდასხმაში დაადანაშაულა. ისრაელი კი, ირანის სარაკეტო შეტევას, ჯერჯერობით, არ გამოხმაურებია.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ირანს ასეთ შორ მანძილზე მდებარე რაიონებზე თავდასხმა აქამდე არ განუხორციელებია, რაც "კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ თეირანი "ჰამასის" ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა. ამასთან, თეირანი მხარს უჭერს იემენში მოქმედ "ჰუთებსაც", რომლებიც ღაზას სექტორში საომარი მოქმედებების პარალელურად, წითელ ზღვაში კომერციულ გემებს ინტენსიურად ესხმიან თავს.
0 კომენტარი