3 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა.
"ისრაელი ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანაა, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ გვსურს დავინახოთ დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნა. პალესტინური სახელმწიფოს არარსებობა არანაირად არ ამართლებს ტერორიზმს ისრაელისა და ისრაელი მოქალაქეების მიმართ. თუმცა, ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ, რომ პალესტინური სახელმწიფოს არარსებობა რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია, და კვლავ მიგვაჩნია, რომ ისრაელის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც პალესტინელი ხალხისთვის სარგებლის მოსატანად, საუკეთესო გზა არის პალესტინური სახელმწიფოს შექმნა." - თქვა მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ისრაელის ოკუპაციას შეეხებოდა.
მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოქმედმა ისრაელის მთავრობამ განსხვავებული შეხედულებები გამოხატა:
"ისრაელის მოქმედმა მთავრობამ ცხადყო, რომ ამ საკითხზე ძალიან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. თუმცა, ჩვენ მკაფიოდ გავაგრძელებთ აშშ-ს პოზიციის გამოხატვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიგვაჩნია საუკეთესოდ ისრაელის და რეგიონის ინტერესებისთვის.” - თქვა მან.
0 კომენტარი