ყოველკვირეული ბრიფინგის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივებზე ისაუბრა.
რუსი დიპლომატის მტკიცებით, ევროგაერთიანების წევრობის მსურველ ყველა ქვეყანას უნდა ახსოვდეს დიდი ბრიტანეთის მაგალითი, რომელმაც ბლოკი დატოვა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ანადგურებს. მარია ზახაროვამ ასევე ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. მისი თქმით, მოსკოვმა არაერთხელ გამოხატა ორმხრივი კავშირების აღდგენის კეთილი ნება.

"მთავარია მათ, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრება 2030-ში ან სხვა წლებში სურთ, დაფიქრდნენ, საერთოდ ღირს თუ არა, ევროკავშირის წევრები გახდნენ. მეორე მხრივ, დაიმახსოვრეთ, დიდი ბრიტანეთის არაფერ კარგს არ დატოვებდა. იქ, სადაც არსებობს სარგებელი, სადაც რეალური პოტენციალია, ბრიტანელები, ჩვეულებრივ, პირველები არიან. ახლა ისინი პირველები აღმოჩნდნენ ევროკავშირის დატოვების მხრივ – გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ, რომ ევროკავშირს შიგნით კრიზისული მდგომარეობა იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო გაერთიანების წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობები იმდენად პროგნოზირებადი, რომ ეროვნულ ეკონომიკაზე მოფიქრალ ქვეყნებს იქ არაფერი ესაქმებათ. ეს ყველას სუვერენული საქმეა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოსთან ამჟამინდელი პოლიტიკური უთანხმოებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის ფონზე, ჩვენ ვალაგებთ ორმხრივ, ურთიერთსასარგებლო კავშირებს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს დიალოგი. გეგმის მიხედვით, მივისწრაფვით საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ. ასევე, ვმუშაობთ ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით, რაც პასუხობს რუსი და ქართველი ხალხების ინტერესებს. პრაქტიკულადაც გამოვხატეთ ჩვენი მისწრაფებებიც, კეთილი ნებაც და სურვილიც. თუმცა, საკითხი ასე დგას – ის, ვინც განიხილავს ევროკავშირში გაწევრებას, კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევს არამხოლოდ ლოზუნგებს, არამედ ციფრებსაც. ერთია, რას წერენ ღობეებზე, ხოლო მეორე – რა არის სინამდვილეში", – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.

ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებზე რუსული მხარე ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად საუბრობს. თუმცა, მოსკოვი თბილისს რეგულარულად ახსენებს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო გზავნილებსაც, რომლებიც აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *