რუსა შელია
"ქართულმა ოცნებამ" ნიღბები ჩამოიხსნა - ასე აფასებს იტალიის სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი ნატალი ტოჩი საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. Globalnews.ge-სთან საუბრისას Istituto Affari Internazionali-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საშუალებით, რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იმ ფონზე იძლიერებს, როცა სომხეთზე გავლენა კარგავს.
- პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენთან საუბრის შესაძლებლობისთვის. საქართველოში, სამწუხაროდ, არც ისე ხშირად გვესმის, როგორ უყურებენ იტალიაში სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ მოვლენებს. თქვენი შეფასებით, რა ტიპის პროცესს ვადევნებთ თვალს დღეს საქართველოში?
- როდესაც თქვენ ახსენეთ, რომ ნიღაბი მოხსნილია, პირდაპირ გკითხავთ, ამ შეფასებაში გულისხმობთ თუ არა, რომ რუსეთის ღია სცენარის განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში? თქვენი შეფასებით, "ქართული ოცნება" არა მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენას, არამედ რეგიონში რუსეთის ინტერესების სრულ გატარებასაც ცდილობს?
- თქვენ ხედავთ, რომ პროცესი ორი ძალიან განსხვავებული მიმართულებით ვითარდება. 2022 წლიდან რუსეთი კავკასიაში მნიშვნელოვანი გავლენის გამოყენებას ცდილობს. სამხრეთ კავკასიაში არსებულ სურათს თუ შეხედავთ და მას ხუთი წლის წინანდელ პროცესთან შეადარებთ, შეგიძლიათ იკამათოთ, რომ რუსეთმა რეგიონში გავლენა დაკარგა. მაგალითად, სომხეთში. თუმცა, ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დანაკარგმა აიძულა რუსეთი "ქართული ოცნების" მეშვეობით გავლენა გაეზარდა. მათ ჩათვალეს, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინათ სიტუაციის შესაცვლელად, რამაც მიგვიყვანა ამჟამინდელ კრიზისამდე.
- რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, როგორ ფიქრობთ, ევროპა ადეკვატურად რეაგირებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე? გჯერათ, რომ საჭიროა ევროკავშირის მეტი მხარდაჭერა? თუ რეაქცია ნელია, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?
- ერთგვარი ზარმაცი პასუხი ამ შეკითხვაზე არის დაყოფა, რაც სწორია, მაგრამ ის ასევე ცოტა გამარტივებულად მეჩვენება. შეგვიძლია მივუთითოთ უნგრეთის ვეტოზე და ევროპის საგარეო პოლიტიკაში ერთსულოვნების აუცილებლობაზე. თუმცა, როდესაც რაღაც საკმარისად მნიშვნელოვანია, დაბრკოლებების გადასალახად, რომელსაც უნგრეთის მსგავსი პატარა ქვეყნები წარმოქმნიან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესაბამისი გზების პოვნა შეუძლიათ. ნაკლებად ზარმაცი პასუხი ამ კითხვაზე იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რატომ არ აკეთებენ დანარჩენი სახელმწიფოები საკმარისს. პასუხი არის ყურადღების გაფანტვა - ბევრი რამ ხდება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში. ევროკავშირი ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია, რადგან დაკარგა ნორმატიული კომპასის დიდი ნაწილი. დიახ, ევროკავშირმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს საქართველოსთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს სანქციები და დემონსტრანტების მხარდამჭერი გზავნილები. ასევე, იმ ადამიანების დასჯის მოთხოვნა, ვინც დემონსტრანტების უფლებებს არღვევს. ამჟამად, ევროკავშირის მხრიდან სიცხადის ნაკლებობაა. მჯერა, რომ ეს არის დრო, როდესაც ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ უნდა აიღოს ინიციატივა, ფორმალური ინსტიტუციური ჩარჩოს მიღმა მოქმედებისთვის, შესაძლოა HRVP-ის მონაწილეობით. თუ საქართველოში ინსტიტუციურ დონეზე სტაგნაციაა, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დაველოდოთ სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩახშობას.
- დარწმუნებული ვარ, თქვენ თვალყურს ადევნებთ იმ განცხადებებსაც, რაც საქართველოსა და იტალიის ოფიციალურ მხარეებს შორის გაკეთდა. მაგალითად, "ქართული ოცნების" ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უნგრეთის ძალისხმევას, მათ წინააღმდეგ სანქციები დაბლოკოს, იტალიაც შეუერთდა. თუმცა, მოგვიანებით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებით განმარტა, რომ ეს სიცრუე იყო. შეგიძლიათ გაგვიზიაროთ განწყობები, თუ როგორ უყურებენ იტალიის ოფიციალური პირები საქართველოში მიმდინარე პროცესს?
- იტალია მიეკუთვნება გაფანტული ყურადღების ქვეყნების კატეგორიას. ის არ არის სანქციების წინააღმდეგი, მაგრამ არც განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონს. თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იტალია არ დაუჭერს მხარს უნგრეთის წინააღმდეგობას სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ იტალია არ არის ლიდერი სახელმწიფო მათ შორის, ვინც სამოქალაქო საზოგადოების პროაქტიული მხარდამჭერია. ის მიდრეკილია მიმდევრობისკენ, ვიდრე ლიდერობისკენ, მაგრამ იტალია აუცილებლად გაჰყვება პროცესს, თუ ევროკავშირში კრიტიკული მასა მტკიცე პოზიციას დააფიქსირებს.
- და ბოლოს, რა არის თქვენი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ ამ კრიტიკულ მომენტში?
- მესმის, რომ ეს არ არის დამამშვიდებელი გზავნილი, მაგრამ ბევრი ევროპელი და მათ შორის ქართველები საკმაოდ ძლიერად გრძნობენ სიტუაციას და იმედგაცრუებულნი არიან ევროპული ინსტიტუტებისა და მთავრობების გამო, რომ მათ მეტი არ გააკეთეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და ევროპულ საზოგადოებას შორის კავშირი არსებობს. ასე რომ, თქვენ მარტო არ ხართ. მთავრობებისა და ინსტიტუტების უმოქმედობა არ უნდა ითარგმნოს ქართველი ხალხის მარტო დატოვების განცდაში. ევროპაში ბევრს სჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. ასე რომ, არ დაუშვათ, ეს ალი ჩაქრეს. თქვენ მარტონი არ ხართ. არიან ჩემნაირი ადამიანები, რომლებიც შეძრწუნებულნი არიან იმით, თუ როგორ იქცევიან მთავრობები - არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ სხვა საკითხებზეც. ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა საკუთარი გადარჩენისთვის. უფრო ფართო გზავნილი კი გახლავთ ის, რომ მთავრობებისა და ინსტიტუტების მიღმა არიან სხვა ჯგუფებიც, რომლებიც მათ მეტის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.
0 კომენტარი