დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეაქო, თავის მხრივ კი, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ალექსადნრე ვუჩიჩს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით – „ევრაზიის ახალი განთიადი“.
"თქვენ უსმენდით ირაკლის. მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება მის პოლიტიკურ კარიერაში ერთ, ორ და ხუთ წელიწადში, თუმცა მჯერა, რომ ის იმსახურებდა ემართა ქვეყანა იმდენჯერ, რამდენჯერაც მოუწია. გახსოვთ, რომ საქართველო ევროპის ცაზე დიდი ვარკსვლავი გახლდათ და როგორი იყო მაშინ საქართველოს ეკონომიკური ზრდა? – თითქმის 1.5%. დღეს არავინ ლაპარაკობს ირაკლი ღარიბაშვილის, ასევე, ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევისა და მისი მთავრობის შესანიშნავ შედეგებზე. რატომ? ჩვენ, ასეთი შედეგებით, არ შეგვიძლია ევროპაში ვიტრაბახოთ “, - განაცხადა სერბეთის პირველმა პირმა.
მან, ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შემდეგ, საქართველოს მთავრობის მიმართ ევროკავშირის შეკითხვებმა მოიმატოს, თუმცა "წარმატების მიღწევა ჩინური ინვესტიციების გარეშე, შეუძლებელია".
„ირაკლიმ ახსენა, რომ ჩინეთთან ურთიერთობას სტრატეგიულ დონეზე ზრდის და მალე ის აღმოჩნდება ისეთივე შეკითხვების წინაშე, როგორიც ჩემს მიმართ არსებობს: რატომ აკეთებთ ამას, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან? მან თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იმუშაოს. ჩინური ინვესტიციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, ამას მარტივად და წარმატებით ვერ გააკეთებს. ეს უნდა გააცნობიერონ ევროკავშირში“, – დასძინა ალექსანდრე ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრზე საუბრისას.
ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია სერბეთს 2012 წლიდან მართავს. მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კრემლთან და რუსეთის პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირი შეინარჩუნა. 2023 წლის 17 დეკემბერს, სერბეთში ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სერბეთის ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, მისმა პარტიამ ამომრჩეველთა უმრავლესობი მხარდაჭერა მოიპოვა, თუმცა აღნიშნულ მონაცემებს ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს და ბელგრადის საქალაქო საბჭოს არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვს. სერბეთში გამართული არჩევნების მიმართ მწვავე შეკითხვები, საერთაშორისო დამკვირვებლებსაც აქვთ.
0 კომენტარი