შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირში წევრობის გზაზე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულს უწოდებს.

 

“ჩვენ მივესალმებით ევროპული საბჭოს კენჭისყრას ევროკავშირის გაფართოებაზე და ვულოცავთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია ჰერცოგოვინას ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვის გზაზე გადადგმულ ისტორიულ ნაბიჯს. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროკავშირის გზაზე”, წერს სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის პრესსპიკერი მეთიუ მილერი.

 

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია.
ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია პირველ ეტაპზე საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასებით მიიღო და შესაბამისად, ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა. ეს პირობები ასეთია:

ახალი პირობები   

• ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

• ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესება. 

ევროკომისია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემებს გამოყოფს:

• საქართველომ ვერ მიიღო სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით;
• შეზღუდული წინსვლა იყო მიღწეული საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში;
• საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის არ დახურა საჰაერო სივრცე (აღსანიშნავია, რომ ეს მიჩნეულია, როგორც „ქვეყანაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა“);
• არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს;
• საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დიდწილად ერთ დონეზე დარჩა ( 2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%).

თუმცა, აქვე აღნიშნულია დადებითი მომენტებიც. კონკრეტულად:


• საქართველომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უკრაინის მხარდამჭერ ინიციატივებს;
• შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს;
• აჩვენა აქტიური ჩართულობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის სანქციების, მათ შორის ფინანსურ სექტორში სანქციების გვერდის ავლისთვის.

 ვრცელი ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციის შესახებ ნახეთ ბმულზე: 

https://globalnews.ge/ge/georgia/evrokomisiis-meore-rekomendacia-ras-moicavs-zveli-da-axali-pirobebi

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *