რუსა მაჩაიძე

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული რეფორმების შესრულების პირობით. შესასრულებელი პირობა 9-პუნქტიანია, საიდანაც 7 დარჩა წინა ვალდებულებიდან, 2 კი ახალია.
ევროკომისიამ ეს რეკომენდაცია პირველ ეტაპზე საქართველოსთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასებით მიიღო და შესაბამისად, ძველი ვალდებულებიდან გადმოვიდა ის, რაც არ/ვერ ან ნაწილობრივ შესრულდა. ამიტომაც მათი ნაწილის მოდიფიცირება მოხდა. ეს პირობები ასეთია:

ახალი პირობები   

• ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

• ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესება. 

ძველი და მოდიფიცირებული პირობები 

• პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ დამატებით ბრძოლა, მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიური მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

• თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე საკმაო პერიოდით ადრე;

• საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

• ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და დანერგვა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის გატარება, „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

• ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიური პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;

• დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

• ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

 როგორ და რის საფუძველზე მიიღო ევროკომისიამ გადაწყვეტილება?  

ახალი რეკომენდაციები წინა რეკომენდაციებს დაემატა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ საქართველოს პროგრესი შეაფასა და გამოაქვეყნა პირველი წლიური ანგარიში საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში. ეს დოკუმენტი ანაცვლებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ანგარიშებს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივის რეკომენდაცია გასცა, ასევე ეფუძნებოდა ევროკომისიის მიერ საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების და არსებული მდგომარეობის შეფასებას. ევროკომისიამ საქართველოს განაცხადი სამი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასა. ეს კრიტერიუმები იყო პოლიტიკური, ეკონომიკური და წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობები.
პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმის შეფასება დაეყრდნო ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც პოლიტიკურ ნაწილში მოიცავს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობას, კანონის უზენაესობას და ადამიანის ძირითადი უფლებების პატივისცემას და დაცვას. ეკონომიკურ ნაწილში კი ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებსა და კონკურენციის პირობებს. შეფასებაში საუბარია ამ კომპონენტებში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე, რაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება და ხაზგასმულია არსებული ხარვეზები, რომელთა შესრულება აუცილებელია ევროკავშირთან საქართველოს თავსებადობის თვალსაზრისით. ამ ორი კომპონენტის შეფასების საფუძველზე ითქვა, რომ მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, საქართველოს აქვს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნება გარკვეული რეფორმების გატარება, რომელიც 12 პუნქტად იყო ჩამოყალიბებული.
შეგახსენებთ, რომ კრიტერიუმების შესრულების პირველ ვადად 2022 წლის ბოლო განისაზღვრა, თუმცა, ვადა მალე გადაიწია და ითქვა, რომ ევროკომისია საქართველოს პროგრესს 2023 წელს შეაფასებდა. ევროკომისიის შუალედური შეფასება 2023 წლის ივნისის ბოლოს გახდა ცნობილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ სრულად შეასრულა 12-დან 3 პუნქტი (რომლებიც ეხება გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და სახალხო დამცველის დანიშვნას).
შუალედურ ანგარიშში საქართველოს პროგრესის შეფასება დაყოფილია შემდეგ კატეგორიებად - „სრული“, „ნაწილობრივი“, „შეზღუდული“ და „არანაირი პროგრესი“. შესაბამისად, ამ ანგარიშის თანახმად, საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა 7 პრიორიტეტი, რომლებიც ეხება:

პოლიტიკურ დეპოლარიზაციას;
სასამართლო რეფორმას;
ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და კონტროლს;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას;
ადამიანის უფლებების დაცვას;
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რაც შეეხება დანარჩენ 2 რეკომენდაციას, შეფასება ასეთი იყო:

• შეზღუდული პროგრესი იქნა მიღწეული დეოლიგარქიზაციის კუთხით.

• მედიაპლურალიზმის საკითხში კი საქართველომ პროგრესს ვერ მიაღწია.

ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა დრო, რომ საბოლოო შეფასებამდე გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. ევროკომისიის ფინალური შეფასება კი, რომელიც ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საქართველოს შესახებ პირველ წლიურ ანგარიშად ითვლება, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნდა.
შეფასების დასაწყისშივე ნათქვამია, რომ ევროკომისია მიესალმება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად.
ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ, საქართველო შეუერთდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის გაეროს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოსა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ "საქართველო არ შეესაბამება ევროკავშირის შემაკავებელ ზომებს რუსეთისა და ბელარუსის მიმართ და არც ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებებს".
გარდა ამისა, პირდაპირ არის ნახსენები რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხი.
"2023 წლის მაისში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ რუსეთთან ფრენების აღდგენის შესახებ ასევე შეშფოთება გამოიწვია მის საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან შეთანხმების ვალდებულებებთან დაკავშირებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად" - ნათქვამია შეფასებაში.
ამის შემდეგ კი არის ძველი ვალდებულების შეფასება თემატურად, აღნიშნულია, რა აქვს საქართველოს პროგრესისთვის კიდევ გასაკეთებელი ამ კონკრეტულ პუნქტებთან მიმართებაში და ასევე მოცემულია ახალი რეკომენდაციები.

 რას გულისხმობს ახალი რეკომენდაციები? 

როგორც ზემოთ ითქვა, სრულიად ახალი რეკომენდაციები ორპუნქტიანია და ეხება ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან ბრძოლას და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებას.
იმის გამო, რომ ეს არის სრულიად ახალი რეკომენდაციები, სრულად გთავაზობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერს, რომელიც მოცემულია ევროკომისიის წლიურ ანგარიშში (ქართული თარგმანი გამოქვეყნებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე).

„რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საქართველო ზომიერად არის მომზადებული. ამ კუთხით შეზღუდული წინსვლა იყო ნაჩვენები, სადაც მოსალოდნელია, რომ საქართველო ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობაში მოიყვანს კანონმდებლობას ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით. შეზღუდული წინსვლა იყო მიღწეული საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში. ქვეყანაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის შემზღუდველ ზომებს (სანქციებს) რუსეთის წინააღდმეგ, მათ შორის არ დახურა საჰაერო სივრცე.
საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის შემდეგ, საქართველო თანხვედრაში მოვიდა საერთაშორისო და ევროკავშირის ინიციატივებთან უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებთა საბჭოს და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს. საქართველო არ მოვიდა თანხვედრაში ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომელიც ევროკავშირმა დაუწესა რუსეთს და ბელარუსს, არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს. საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დიდწილად ერთ დონეზე დარჩა (2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%).
არსებობს მოლოდინი, რომ საქართველო მნიშვნელოვანწილად გაზრდის თანხვედრას ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. საქართველომ აჩვენა აქტიური ჩართულობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ტერიტორია და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები არ გამოიყენონ ევროკავშირის სანქციების, მათ შორის ფინანსურ სექტორში სანქციების გვერდის ავლის მიზნით.

მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს ჩანაწერი, ევროკომისია საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით შემდეგ პრობლემებს გამოყოფს:

• საქართველომ ვერ მიიღო სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები ორმაგი დანიშნულების პროდუქტების ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით;
• შეზღუდული წინსვლა იყო მიღწეული საგარეო, უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში;
• საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ, მათ შორის არ დახურა საჰაერო სივრცე (აღსანიშნავია, რომ ეს მიჩნეულია, როგორც „ქვეყანაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი პოლიტიკა“);
• არ შეუერთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შესაბამის განცხადებებს;
• საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში დიდწილად ერთ დონეზე დარჩა ( 2022 წელს – 44%, 2023 წელს – 43%).

თუმცა, აქვე აღნიშნულია დადებითი მომენტებიც. კონკრეტულად:
• საქართველომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო და ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ უკრაინის მხარდამჭერ ინიციატივებს;
• შეუერთდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის, ადამიანის უფლებათა საბჭოს და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს;
• აჩვენა აქტიური ჩართულობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის სანქციების, მათ შორის ფინანსურ სექტორში სანქციების გვერდის ავლისთვის.
და დაფიქსირებულია მოლოდინი, საქართველო მნიშვნელოვანწილად გაზრდის თანხვედრას ევროკავშირის განცხადებებთან და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებებთან საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში.
რაც შეეხება ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას, ამაზე შეფასებაში პირდაპირი მითითება ფაქტობრივად არ არის, მაგრამ მოხვდა ახალ რეკომენდაციაში.

იმის გამო, რომ ეს საკითხები რეალურად ახალ პრობლემად არის გამოყოფილი ევროკავშირის მხრიდან, ჩნდება კითხვა, თუ პრობლემა რამდენად ძლიერია და არის თუ არა მხოლოდ ბოლო წელს გაჩენილი სწორედ იმიტომ, რომ ეს საკითხები წინა რეკომენდაციაში არ მოხვედრილა.

„ეს ახალი პრიორიტეტები რეალურად პასუხობს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ამის გამომწვევი მიზეზები შესაძლოა, ბევრი იყოს, მაგრამ მე გამოვყოფდი პირველ შემთხვევაში იმას, რომ ეს დეზინფორმაცია რეალურად არ არის მხოლოდ რუსეთიდან წამოსული დეზინფორმაცია და სამწუხაროდ, არის ქვეყნის შიგნით შექმნილი და ნაკვები დეზინფორმაცია.

ამის მაგალითად საკმარისია მოვიყვანოთ თუნდაც ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, თითქოს საქართველოსგან ითხოვდნენ ომის დაწყებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ, რაც რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამება და ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ეს ერთი კონკრეტული მაგალითი და მსგავსი შემთხვევები ბევრი იყო. ზუსტად ამას ეხმიანება ეს რეკომენდაცია, რომ ხელისუფლებამ დაიწყოს ბრძოლა ასეთი დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში, როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებიდან მოდიოდა. მეორე შემთხვევაში კი, როდესაც საქმე ეხება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრაში მოყვანას, ეს განპირობებულია ერთი იმით, რომ 2022 წლის მონაცემებით, ჩვენი საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ქვემოთ წამოვიდა და 43%-ს შეადგენდა მხოლოდ, როცა წლების წინ 60%-ზე მეტიც კი იყო და მეორე, განპირობებულია იმით, რომ, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ფაქტორი, როდესაც ევროკავშირს მოუწია საქართველოს ხელისუფლების მიმართ დემარშის გაკეთება, ეს იყო რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. შესაბამისად, ეს იყო იმის ნათელი დადასტურება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ არის თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ამიტომაც გაჩნდა ეს ჩანაწერი ამ ახალ 9 პუნქტში“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე.


რაც შეეხება იმას, თუ ამ ვალდებულების შესასრულებლად რა უნდა გაკეთდეს, იგივე ფრენები უნდა შეწყდეს თუ არა, ან საქართველოს მოუწევს ევროკავშირის ძველ განცხადებებთან მიერთება თუ ამის შემდეგ რაც გაკეთდება, იმასთან მიერთებაც საკმარისი იქნება, ვანო ჩხიკვაძე ამბობს, „ვფიქრობ, ამ მხრივ მხოლოდ პროგრესის ჩვენებაც კი სრულიად საკმარისი იქნება“.

„აქ უნდა აჩვენოს პროგრესი, რომ თანხვედრაში მოიყვანს. ფრენების აკრძალვა თუ განცხადებებზე შეერთება, ეს უშუალოდ საქართველოს გადასაწყვეტია. როგორც ვიცით, ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოამზადა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა შეასრულოს ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ეს გეგმა ჯერჯერობით ჩვენ, ვინც ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ნამდვილად არ გვაქვს ნანახი. ეს გადაგზავნილია ბრიუსელში, როგორც ვიცი და ელოდებიან მათ უკუკავშირს ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ აპირებს ამის გაკეთებას ხელისუფლება, ნამდვილად არ ვიცით, ეს იქნება ფრენების აკრძალვა თუ ევროკავშირის ერთიან და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ განცხადებებთან უფრო პროაქტიულად მიერთება, ეს უშუალოდ ხელისუფლებამ უნდა განსაზღვროს. ცხადია, ძველ განცხადებებზე მიერთებაზე აღარ იქნება ლაპარაკი და აქცენტი გაკეთდება იმ განცხადებებზე, რასაც ამის შემდეგ გააკეთებს ევროკავშირი“ - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.                                       

ძველი ვალდებულებებიდან დარჩენილი საკითხები 

როგორც ზემოთ ითქვა, 12 პუნქტის შესრულების შუალედური შეფასებისას 3 შესრულებულად ჩაითვალა და ლოგიკურია, რომ ეს საკითხები ახალ 9-პუნქტიან რეკომენდაციაში აღარ ფიგურირებს. ეს საკითხები, რომელიც საბოლოოდ დახურულად შეიძლება ჩაითვალოს, შემდეგია:

• გენდერული თანასწორობის ზრდისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის წინააღმდეგ ძალისხმევის გაძლიერება;

• კანონის მიღება, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში;

• სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში დამოუკიდებელი პირებისთვის უპირატესობის მინიჭება პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის; აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის დაცვა.


რაც შეეხება ძველი პუნქტებიდან დანარჩენ ცხრას, გადაჯგუფებულია შემდეგ შვიდ საკითხად:


1. ერთ პუნქტადაა დაჯგუფებული აქამდე ორი სხვადასხვა რეფორმის სახით მოცემული მიმართულებები - კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
2. ერთ პუნქტადაა მოცემული სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის, ადამიანის უფლებებისა და მედია წარმომადგენლებისთვის საფრთხისშემცველ საქმეებზე დროული და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფის კუთხით რეფორმების გატარების საჭიროებები;
3. ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი შემდეგი რეფორმა - საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
4. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა - დარჩენილია ცალკე პუნქტად დაახლა უკვე მითითებულია, რომ ეს უნდა მოხდეს პარლამენტში ოპოზიციურ პარტიების მეტი ჩართულობით და განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე მუშაობისას;
5. საარჩევნო რეფორმაც დარჩენილია ცალკე პუნქტად და აქაც უკვე არის კონკრეტული მითითება 2024 წლის არჩევნებზე, რათა საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა მოხდეს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით, მათ შორის, ამომრჩეველთა წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კუთხით;
6. ასევე ცალკეა დარჩენილი დეოლიგარქიზაციის პუნქტი, რომელზეც მიღებულია მთავრობის სამოქმედო გეგმა და არა საკანონმდებლო ცვლილებები. ახალ რეკომენდაციაში კი ევროკომისია ამ გეგმის გაუმჯობესებას ითხოვს, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
7. და სასამართლო რეფორმა, რომელიც კვლავ რჩება მოქმედი ხელისუფლების მთავარ პრობლემად და შესაბამისად, ევროკომისიის რეკომენდაციაში კვლავ „ყოვლისმომცველი რეფორმის“ აუცილებლობაზეა საუბარი,
ეს არის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაცია, რომელიც უკვე სტატუსის მიღების თანმდევ პირობად განსაზღვრა და მის შესრულებაზე იქნება დამოკიდებული უკვე შემდგომი ეტაპის - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამისთვის ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს მომავალი წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი და მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, ცხადია, ამ პირობების შესრულებაზე პროგრესის ჩვენების პარალელურად, როგორც სპეციალისტები განმარტავენ. თუმცა, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კი ასეთია - ევროკავშირის „გაფართოების შესახებ საბჭოს დასკვნების“ პროექტს, 12 დეკემბერს, ჯერ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოზე; 14-15 დეკემბერს კი საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფოთა ლიდერებმა ევროპულ საბჭოში უნდა დაადასტურონ.

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *