საქართველოს მმართველი პარტიის დელეგაცია, ოფიციალური ვიზიტით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ პეკინში, ქართული მხარე, “თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბრობს”.

“შარშანდელი წელი ისტორიული იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია, ამ თანამშრომლობის შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა. ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება, მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის”,- აღნიშნა საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიასთან.

ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ, თუ რატომ ცდილობენ საქართველოს ოფიციალური პირები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გაიმეორა, რომ “თანამშრომლობა ჩინეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელსაც შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის”.

მმართველი პარტია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს შეხვდა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *