საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. ქარტიაზე ხელმომწერ პარტიებს კი მოუწოდებს, ხელმოწერილი დოკუმენტის მიმართ მხარდაჭერა სრულად გამოხატონ. პრეზიდენტის განცხადებითვე, მისი გადაწყვეტილების მიზეზი გახლავთ ის, რომ "საზოგადოების დაკვეთა არ არის, პოლიტიკოსებმა გადაინაწილონ მანდატები და ამ გარდამავალ ეტაპზე მთავრობა შექმნან".
"რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, მინდა ყველაფერი იყოს ნათელი. არ გვაქვს უფლება, გაურკვეველი ან სპეკულაციების ნაწილად დავტოვოთ საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, "ასევე ვდებთ პირობას რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ". ვაპირებ, წარვადგინო საქართველოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც საზოგადოებას 26 მაისს წარვუდგინე. საზოგადოების დაკვეთა არ არის, რომ პოლიტიკოსებმა მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ გარდამავალ ეტაპზე. [ვაპირებ] შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც ქარტიაში წერია და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო. ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, [ტექნიკური მთავრობა] უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ ევროპაში გამართული შეხვედრებისას, ყველა პასუხისმგებელი პირისგან მიიღო პირობა, "თუ ქარტიის პრინციპები რაღაც დონეზე შესრულდება, საქართველო, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის ეტაპს სასწრაფო ტემპით დაუბრუნდება".
"არჩევნებამდე 14 დღე რჩება და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა - დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას. მინდოდა იმ ოთხ პარტიასთან, რომლებითაც პროევროპული პლატფორმა შედგება, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია სრულად შესრულდება. რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხვდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ რაღაც დონეზე შესრულდა, ჩვენ სასწრაფო ტემპით დაგვაბრუნებენ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, თუმცა ბრიფინგზე არ დაუკონკრეტებია, როდის წარადგენს მის მიერ შერჩეულ ე.წ. ტექნიკურ მთავრობას, ან ჰქონდა თუ არა პოტენციურ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიებისგან შესაბამისი მხარდაჭერა.
0 კომენტარი