"ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელმეორედ იწყებს. მმართველი პარტია მიზეზად ისევ ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტებს ასახელებს, რაც "მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა". განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. მას ის ევროპელი ლიდერებიც გააკრიტიკა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.

"თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, უცხო ქვეყნებსა და ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვის ცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვის მთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს მთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხისა და მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახ უპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა და ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს", - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

აღსანიშნავია, რომ იმპიჩმენტისთვის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის და ამისთვის 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ მოწვევის პარლამენტში ვერ შეაგროვა და პრეზიდენტის გადაყენების გეგმაც თავდაპირველად ჩავარდა. პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მეორედ დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელს, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ისედაც რამდენიმე თვეში ეწურება.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით 4 ქვეყანაში – გერმანიაში, პოლონეთში, ბელგიასა და საფრანგეთში ორმხრივი შეხვედრები გამართა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *