საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპაში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შემდეგ, ტელეკოპმანია "პირველთან" პარტნიორ სახელმწიფოებში არსებულ განწყობებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ "ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მომენტში შეიცვალა ხელისუფლება, რომელიც 2012 წელს მოვიდა".

"შეიცვალა უცებ და როგორ გახდა რეალურად მოსკოვის ბრძანებების თუ ინსტრუქციების [გამტარებელი], ყოველ შემთხვევაში იმათ მუსიკაზე როგორ უკრავს და ცეკვავს. ეს ძნელი ასახსნელია. მეც არ ვიცი როგორ უნდა ავხსნა. არ ვიცი, ვის თავში რა ტრიალებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები, რომელიც ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრესთან აკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე ორი წელი თუ ორ წელზე მეტია რუსულ სცენარებს მიჰყვება"- აღნიშნა ჟურნალისტთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა. 

შეკითხვაზე, "იქნებ ყოველთვის ასეთი ხელისუფლება იყო, უბრალოდ, მანამდე ნიღბავდნენ", პრეზიდენტი პასუხობს, რომ "შესაძლოა". 

"შეიძლება, ვერაფერს ვიტყვით. რაც არ ვიცით იმას ვერ ვიტყვით. ვსაუბრობთ იქიდან, საიდანაც ფაქტები, კანონები და მოსახლეობასთან ქცევა იწყება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერებზეც ისაუბრა და ის საბჭოთა პერიოდს შეადარა. 

"დღეს გავიგე, რომ თურმე დადიან ეზოებში და იძახიან, რომ თუ 26 ოქტომბერს ჩვენ არ მოვიგეთ, რუსეთი თბილისს 2 კვირაში დაბომბავსო. იმ ბილბორდებით, რომელიც აჩვენებს უკრაინის ტრაგედიას და ვითომ ჩვენს ბედნიერებას, ვისი გული უნდა მოიგო და ვის უნდა მოეწონო საქართველოში", - დასძინა მან.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპაში მისი ვიზიტების მთავარ მიზანზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სწორედ იმ მომენტში, როცა ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება, სურდა ეთხოვა პარტნიორებისთვის, რომ მოსახლეობის არჩევანის შემდეგ ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდეს იმ გზას, "საიდანაც ქართულმა ოცნებამ მოგლიჯა". 

"მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან, რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს, რომ რჩება ევროპის მომხრედ, სწრაფად დაგვაბრუნებენ იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა "ოცნებამ". ეს დასტური მივიღე, რომ გზა მხოლოდ შეჩერებულია და ყველაფერი ჩვენი გადასაწყვეტია, არჩევნებამდე არავინ არაფერში ჩაერევა", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ჟურნალისტი დაინტერესდა, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტისა და თეთრ სახლში შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორის, მაიკლ კარპენტერის შეხვედრის დეტალებით. კერძოდ, შეკითხვაზე, "გქონდათ თუ არა მაიკლ კარპენტერთან საუბარი, თუ როგორია არსებულ ვითარებაში ვაშიგტონის სამოქმედო გეგმა", საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, "როგორ არა, ამაზე იყო საუბარი". 

"პარალელური მიდგომაა, მეგობარის აქტი, რაც, მართალია, კონგრესის ინიციატივაა და არა ადმინისტრაციის, მაგრამ საქართველოს მიმართ ორივე პარტიის, დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მხრიდან, ორმხრივ მიდგომას ასახავს. ასე რომ, იმედი, რომ აშშ-ში ხელისუფლება თუ შეიცვლება, ყველაფერს დავალაგებთ, მცდარია. შეერთებული შტატების მიდგომა ნათელია და დოკუმენტში წერია - თუ თქვენ ასე განაგრძობთ, მიიღებთ შეზღუდვებს, რაც უკვე დაწყებულია, ასევე, სანქციებს, რომელიც მზადდება, მაგრამ დრო სჭირდება, რათა კარგად იყოს დასაბუთებული. ეს ყველაფერი იქნება, თუმცა არაწინაასაარჩევნოდ. ესეც ნათქვამი აქვთ, რომ თავს შეიკავებენ იმისთვის, რომ არავინ თქვას, რომ არჩევნებში რამენაირად ერევიან. ამ მხრივ ევროპელებისა და ამერიკელებისგან დიდი სიფრთხილეა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, "არჩევნებამდე ივანიშვილს არ დავასაქნცირებთო?", პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მართალია, "ასე ნათლად არავინ იტყოდა, თუმცა ეს განცდა დარჩა".

"მერე ყველაფერი ნათელია. ორი გზა არსებობს, "მეგობარი აქტი" ან როდესაც ხარ გაუცხოებული და აღარ ეკუთვნის მეგობრების იმ წრეს, რომელსაც ეხმარებიან, უშენებდნენ ინსტიტუტებს 30 წლის მანძილზე", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. 

 
 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *