რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

სერგეი ლავროვმა ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას გააკეთა.

"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების და სხვა მიმართულებებით, რათა გავაძლიეროთ სახელმწიფოს სტაბილურობა, როგორც ამას ჩვენი ორმხრივი შეთანხმებები ითვალისწინებს. ჩვენი გზა მხოლოდ წინ მიდის და 2008 წლის გადაწყვეტილებას გადახედვა არ სჭირდება," - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვმა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის საკითხზე მტკიცე პოზიციის" გამო მადლობა გადაუხადა.


შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთზეც:

"აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს აფხაზ პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში,რომლებიც ჟენევაში ტარდებოდა".

დღეს ლავროვი ასევე შეხვდება ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *