ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართული ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად, ევროკავშირის ინსტიტუტებმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
"რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ მიმდინარე წლის ივნისში ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან შიდა განხილვა გვქონდა, როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან არანაირი მაღალი დონის კონტაქტები არ გვქონოდა და სწორედ ამიტომ, ბოლო თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა მაღალი დონის შეხვედრა შეგვეჩერებინა". - თქვა ჰერჩინკსიმ.
ჰერჩინსკი ასევე დასძენს, რომ თუ საქართველო ერთპარტიული ქვეყანა გახდება, ოპოზიცია აიკრძალება, ან ადამიანის უფლებები დაცული არ იქნება, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
0 კომენტარი