„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  ბიძინა ივანიშვილი “კრედიტ სუისთან” დაკავშირებით. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. 

"უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ საელჩო ვერ დაასახელებს ვერც პირადად ჩემი და ვერც ქართული ოცნების რომელიმე სხვა ლიდერის განცხადებას, სადაც ჩვენ ფინანსურ შანტაჟში აშშ-ს ან ევროკავშირს ვადანაშაულებთ. როდესაც საბანკო ანგარიშის ძარცვაზე და ფინანსურ შანტაჟზე ვსაუბრობდით, ყოველთვის ვაკონკრეტებდით, რომ ამ შანტაჟის უკან არა აშშ ან ევროკავშირი, არამედ ის ძალები დგანან, რომლებსაც გლობალურ ომის პარტიად მოვიხსენიებთ. ფინანსურ შანტაჟში აშშ ან ევროკავშირი ჩვენ მაშინაც კი არ დაგვიდანაშაულებია, როდესაც კრედიტ სუისმა თანხის არ გადმორიცხვის მორიგ საბაბად ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია გამოიყენა”, - ნათქვამია განცხადებაში. 


ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ “არაერთგზის დააზუსტა, რომ გლობალურ ომის პარტიაში არც აშშ-ს და არც ევროკავშირს არ გულისხმობდა, თუმცა, იქვე აკონკრეტებდა, რომ გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში”. 

ბიძინა ივანიშვილი ასევე განმარტავს, თუ რატომ ამბობს უარს ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე. 

"სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია. ჩვენი პოზიციის მიზეზი ამერიკელ კოლეგებს წერილობითაც განვუმარტეთ და საელჩოს მოწოდების შემთხვევაში, მზად ვართ, ამ წერილის შინაარსზე საჯაროდაც ვისაუბროთ. გარდა ამისა, ჩემმა ადვოკატებმა საზოგადოებისთვის არაერთგზის გაასაჯაროვეს დეტალური ინფორმაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემთვის დაწესებული ფინანსური შეზღუდვების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, ამ ყველაფრის შესახებ ჩემს ადვოკატებს განახლებული ინფორმაციაც გამოვაქვეყნებინო. იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოლიგარქიული გავლენების, არაფორმალური მმართველობის, "დიფ სთეითისა" და ომის პარტიის თემა ჩვენ მიერ არ არის წამოწეული და ეს საკითხი ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ მთავარ ხაზად გვევლინება”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელშიც ის ამერიკული შიდა პოლიტიკის განხილვას განაგრძობს. 

"თემაზე აქტიურად საუბრობენ თავად საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო პრაიმერიზის კანდიდატები რობერტ კენედი უმცროსი და ვივეკ რამასვამი და სხვები.სწორედ გლობალური ომის პარტიაა ის ძალა, რომელიც ცდილობს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისას, აშშ და ევროკავშირი აიფაროს და მოვლენები ისე წარმოაჩინოს, თითქოს, საქართველოს დაპირისპირება არა მასთან, არამედ აშშ-სთან და ევროკავშირთან აქვს”, - ვკითხულობთ განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *