საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბერლინში გამართულ შეხვედრაზე, სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის პრეზიდენტმა "ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის. 

პრეზიდენტმა ისაუბრა ასევე, ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის პრობლემების შექმნის საკითხზე, რომელიც გულისხმობს მათთვის სადამკვირვებლო მისიების განხორციელებაში ხელის შეშლას. გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას „ქართულ ქარტიას“ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ. შტაინმაიერმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს და მათ ბრძოლას ევროპული მომავლისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციის თანახმად, გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის:

„დღეს, ბერლინში პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა პროევროპული პოზიციისთვის მას მადლობა გადაუხადა. ამასთან, მან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს შეფერხების გამო მწუხარება გამოხატა. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხეს უქმნის“, - წერს სერსტინ გამელინი.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *