არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია ორგანიზაცია არჩევნებს თავისი სახელით ვერ დააკვირდება, თუმცა "ხმების დასაცავად ინდივიდუალურ ბრძოლას განაგრძობს". განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ორგანიზაციისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობის შესახებ ძალაში დატოვა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად სრულიად უსაფუძვლოდ ცნო. გადაწყვეტილების შეჩერებაზე ჩვენი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე, სასამართლო აგრძელებს საქმის წარმოებას ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე უარი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიასთან, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი პარტიის საარჩევნო სუბიექტთან გათანაბრებულ პირად არის ამ დრომდე მიჩნეული, მაშინ როდესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ მონაწილეობს და კენჭს არ იყრის. ამ აბსურდული გადაწყვეტილების გამო, ჩვენზე ვრცელდება პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები, რაც ასევე გვავალდებულებს სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას, გვეკრძალება ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება და ხარჯვა, ასევე გვეკისრება პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასში ასევე მითითებულია, რომ ორგანიზაცია "არ აღიარებს აბსოლუტურად უკანონოდ მინიჭებულ აღნიშნულ სტატუსს" და სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ "არც ორგანიზაცია და არც მისი აღმასრულებელი დირექტორი არჩევნებში არ იყრის კენჭს, ასევე არც ერთი პოლიტიკური პარტიის სიაში მისი არცერთი წარმომადგენელი არ ფიგურირებს, "ქართული ოცნების" ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს". "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გავცრელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "ორგანიზაციის არსებობის 24 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბნებზე მისი სახელის ქვეშ დარეგისტრირებული არც ერთი დამკვირვებელი არ ეყოლება".
0 კომენტარი