ანტიკორუფცულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად გამოაცხადა. ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ მონიტორინგის შედეგად ეკა გიგაურის, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით საარჩევნო კამპანიაში ჩართულობა გამოვლინდა. ანალოგიური შეფასება გაკეთდა ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა"-სა და მისი ხელმძღვანელების მიმართ.
"დღევანდელი ბიუროს მიზანია, საზოგადოებას ვაცნობოთ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები – სოფიო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლელა ჯეჯელავა და ივანე ჭყონია, ცნობილი იყვნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზუდვები", – უთხრა საგანგებო ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
მისივე მტკიცებით, "მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია "ჩემი ხმა ევროკავშირს" ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისაგან თავიშეკავების მოწოდებას.
"მონიტორინგის შედეგად, ასევე, გამოვლინდა, რომ "აირჩიე ევროპა", მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანურ-მატერიალური ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონში, კონცერტები, ვიდეო-რგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსური ხარჯებთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსები ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას", - თქვა კუპრაშვილმა და დასძინა, რომ დასახელებული სუბიექტები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ "იმ საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისათვის".
რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებას ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს მოკლებულს უწოდებს. მთელი პროცესის მთავარი მიზანი კი, მათი შეფასებით, მოახლოებულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დევნაა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და ეკა გიგაური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში", – ამბობენ ორგანიზაციაში.
0 კომენტარი