25 სექტემბერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ნიუ იორკში, გაეროს ასამბლეის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძეც გახლდათ მიწვეული, თუმცა "ამერიკის ხმამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშული მიწვევა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გააუქმა, მიზეზად კი, "საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობა" დასახელდა. "ამერიკის ხმის" ინფორმაციითვე, თეთრმა სახლმა, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით, ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა და როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მოწვევა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო შეერთებულ შტატებსა და დასავლეთზე".
დიპლომატიური სკანდალის პარალელურად, ქართულ მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს. "ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
0 კომენტარი