გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის პოლიტიკური კოალიციის შექმნის მცდელობა, ამ ეტაპისთვის, უშედეგოდ დასრულდა. პარტია "საქართველოსთვის" გაავრცელა განხცადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ "მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია".
"ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და "ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - ნათქვამია გიორგი გახარიას პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მეორე მხრივ, პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებისთვის მზად იყო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როდესაც გახარიას პარტიამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.
"გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს, 14:00 საათზე გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზად არის ხელმოსაწერად და ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. დაახლოებით 15:00 საათი იყო თუ 4 იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. ჩვენ იმ პრინციპებზე, რომელიც გუშინ მოვილაპარაკეთ, მე ზად ვარ", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან საუბრისას.
მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასთან შესაძლო გაერთიანებაზე ის "ლელოს" გარშემო უკვე შექმნილ კოალიციას წარმოადგენდა და ამ საკითხზე შეთანხმება მის გუნდში მიღწეული გახლდათ. კონკრეტულად, რა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები, ჯერჯერობით, არ დაკონკრეტებულა.
0 კომენტარი