პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ამ ეტაპისთვის კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, დამატებითი დრო ითხოვა.
"მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. ჩემი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია, ყველაფერი ნათელია. ხაზარაძემ რაღაც დრო ითხოვა. როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები... როგორც ხდება ხოლმე", - აღნიშნა მედიასთან პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
თავის მხრივ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიასთან გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებში პაუზაა აღებული.
"ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შევთანხმდით – გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რათა "ქართული ოცნება" ბიძინას მეთაურობით, ხელისუფლებიდან გავუშვათ. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. ეს არ არის ტექნიკური ტიპის საკითხები. მოლაპარაკება არ დამთავრებულა. ავიღეთ პაუზა", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარს უჭერს პარტია "საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" არჩევნებამდე გაერთიანების იდეას. მისივე განცხადებით, ამ ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება მესამე პოზიტიური ცენტრს შექმნის და საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტს გააჩენს, მათ შორის, გადაუწყვეტელ ამომრჩეველში.
0 კომენტარი