ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა,"მათ შორის მეორე საპრეზიდენტო ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით კი, მომავალ პრეზიდენტს საყოველთაო არჩევნების ნაცვლად, 300 ხმოსანი აირჩევს.
"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით". პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მოსალოდნელ პოლიტიკურ დაბრკოლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საარჩევნოდ "ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა – ომი თუ ლგბტ საკითხი". მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია 25%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებს და მასში პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს.
"არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ "ქართულ ოცნებას" მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან. საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა ევროპულ მომავალს თავის კულტურასა და ღირებულებებში ატარებს. 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პროცესი პოლიტიკური გახდა და სხვადასხვა მთავრობა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაზე მუშაობდა, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. პარადოქსი ისაა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროპასთან და ეს გარკვეული ძალების მიერ არჩეული მომენტია, რომ გაეწყვიტა ეს ჩვენი ღრმა მისწრაფება. მომენტის ისტორიული ხასიათის გაცნობიერება იმდენად ძლიერია, რომ როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2024 წლის პირველ ექვს თვეში ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლის რაოდენობა შემცირდა: მათ იციან, რომ აქ უნდა იბრძოლონ, რათა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას თავისი ევროპული ბედი. ეს არჩევნები იქნება რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალზე", - აღნიშნა ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა რუსულ კანონზეც და ის იმ კანონის ანალოგია, რომლითაც პუტინმა სამოქალაქო საზოგადოება დაიმორჩილა.
"უცხოური აგენტების შესახებ" კანონს ტყუილად არ შეერქვა "რუსული კანონი": სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს. საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საფრანგეთის და ევროკავშირისგან, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ "სანქციების მომხრე დიდად არ არის".
"თქვან და გაიმეორონ, რომ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ეწინააღმდეგება ევროპულ გზას. ეს გადის ამ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონისა და სხვა კანონების გაუქმებაზე. მე დიდად არ ვარ სანქციების მომხრე. ეს შეიძლება ცუდად იყოს ინტერპრეტირებული მოსახლეობის მიერ, ეს არ უშლის ხელს, გამოცხადდეს რა მოხდება არჩევნების შემდეგ, თუ დადასტურდა პრორუსული ორიენტაცია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი