2024 წლის 3 სექტმებრიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს მედიასაშუალებები თუ არასაამთავრობო ორგანიზაციებიდააჯარიმოს ან ე.წ. მონიტორინგის პროცედურა დაიწყოს, თუ ისინი რუსული კანონით განსაზღვრულ რეესტრში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ" ორგანიზაციებად არ დარეგისტრირდებიან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსულ კანონს ხელი 3 ივნისს მას შემდეგ მოაწერა, რაც უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს დადების გამარტებისას აღნიშნა, რომ "ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე". პრეზიდენტის ვეტო "ქართულმა ოცნებამ" და "ევროპულმა სოციალისტებმა" ერთობლივად დაძლიეს, რის შემდეგაც კანონი გამოქვეყნებიდან 2 თვეში, 3 აგვისტოს ძალაში შევიდა.
"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში” ნებაყოფლობით რეგისტრაციისთვის ორგანიზაციებს 1 თვე ჰქონდათ, 2 სექტემბერს კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ რეესტრში 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა. ეს კი, სრული რაოდენობის 2%-იც კი არ არის. ამასთან, არც ის არის ფაქტი, რომ ყველა ორგანიზაცია, რომელმაც სამინისტროს რეგისტრაციისთვის მიმართა, საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსებას იღებს.
ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სრული უმრავლესობა რუსულ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე უარს ამბობს. იმ ორგანიზაციების ნაწილი კი, რომელიც დარეგისტრირდა ამბობს, რომ ეს დროებითი გადაწყვეტილებაა, რათა ჯარიმებს თავი აარიდონ.
რუსული კანონი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის", ხოლო, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს საქართველოში გასცემენ, "უცხოური ძალის" სტატუსებს მიანიჭებს.
კერძოდ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციად მიიჩნევა ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტმა, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ, ოპოზიციონერი დეპუტატებმა სარჩელით მიმართეს რუსული კანონის შეჩერებისა და გაუქმების მოთხოვნით. საკონსტიტუციო სასამართლომ განხილვები დაასრულა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ არის ცნობილი. გამწესრიგებელი სხდომა 29, 30 და 31 აგვისტოს გაიმართა.
0 კომენტარი