საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დაინიშნა და დღეიდანვე, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი, მოახლოებული არჩევნები სალომე ზურაბიშვილმა "გადარჩენის დღედ" შეაფასა.
"დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი".
პრეზიდენტმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილზეც და თქვა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და ამჟამად საპატიო თავმჯდომარემ 29 აპრილს ხალხს საომარი სიტყვით მიმართა, "საკუთარ ხალხს, ახალგაზრდობასა და ქვეყნის პატრიოტებს ომი გამოუცხადა ქვეყნის შიგნით, გარეთ კი ჩვენს ერთგულ პარტნიორებს".
"ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძირვა - რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ სისასტიკეს და დაუნდობლობას ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა და უნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მცხეთიდან საარჩევნო კამპანიისას "ერთპარტიული და ერთპიროვნული დიქტატურის პირობა დადო". "დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება? არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში! ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება", - თქვა პრეზიდენტმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ "უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი".
პრეზიდენტმა ისაუბრა "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილზეც, რომ თითქოს გარკვეულ ძალებს საქართველოში ომის ინტერესი აქვთ, ბიძინა ივანიშვილი კი იმის გარანტია, რომ საქართველოში ომი არ მოხდება.
"უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოების", - განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა.
0 კომენტარი