საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის IRI-სა და NDI-ს მოუწოდებს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ. მედიასთან შეხვედრისას რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი ორგანიზაციების ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია და მათ მიერ დაფინანსებული ღონისძიებები არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. 

"მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, NDI-სა და IRI-ს, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია. იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში. ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში", - ამბობს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *