საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობის" აკრძალვა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით". ჟურნალისტის შეკითხვაზე, "იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებაზე საუბრობს, გაუუქმდებათ თუ არა მანდატები "ნაციონალური მოძრაობის" იმ დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში შევლენ.
"ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების განულება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება. პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - თქვა მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის მაგალითზე საუბარი განაგრძო.
"მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია,რომ "ნაცმოძრაობის" აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო სწორედ კოლექტიური "ნაცმოძრაობა". პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ კოლექტიური 'ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. თქვენ გახსოვთ,რომ ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ ოპოზიციურ ძალას, მათ შორის მარიონეტს სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. როგორც კი აიკრძალება კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მაშინვე მოეხსნება დაბრკოლებები ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ.
0 კომენტარი