პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში ეკონომიკა მართლაც იზრდება, თუმცა "გაზრდილი ეკონომიკა იმ 25-30 ოჯახის ჯიბეში ილექება, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაახლოებულნი".
"პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლებაში სამართლიანობისა და ღირსების ლოზუნგით მოვიდა, დღეს კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაფლული. მაშინ, როდესაც ჩვენ, ყოველდღიურად, კორუფციას ვებრძოდით, დღეს "ქართული ოცნება" და მისი პოლიტიკური ელიტები კორუფციის უფლებისთვის იბრძვიან. დღეს, "ქართული ოცნების", როგორც პარტიის მთავარი მამოძრავებელი ძალა - კორუფცია და ნეპოტიზმია და ეს ყოლვედღიურადაც კარგად ჩანს. ნიჭიერი ახალგაზრდები სამსახურს ვერ შოულობენ და ნორმალურ განათლებას ვერ იღებენ, რადგან მათი ადგილები დაიკავეს ვიღაცის ბიძაშვილებმა, მამიდაშვილებმა და ა.შ. კორუფცია არის ის, რაც სპობს ქვეყნის განვითარების ნებისმიერ შესაძლებლობას, კორუფცია არის უსამართლობის ფუნდამენტი, რის გამოც ახალგაზრდები საქართველოდან გარბიან. ამიტომ, კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ. გვეუბნებიან, რომ ეკონომიკა იზრდება და მართლაც იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 25-30 ოჯახის ჯიბეში "მიდის". იმ ოჯახების, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაახლოებულნი. მე თქვენ გპირდებით, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმს დაამარცხებს და ბიუჯეტიდან მოპარულ თითოეულ ლარს, ხალხის ფულს, ყველა იმ ვაჟბატონს უკან მოატანინებს. სხვანაირად ჩვენ ღირსეულ და ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ", - მიმართა ამომრჩევლებს გიორგი გახარიამ.
0 კომენტარი