პარტია "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ოთხ პუნქტად გაწერილ განმარტებით წერილში, თუ რატომ სჭირდება მმართველ პარტიას ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელახლა მოპოვება, პირველივე დაპირებად, ნაციონალური მოძრაობისა და "მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას" აანონსებს.

"პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია. საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი, თუ მემკვიდრე პარტია, არაკონსტიტუციურად გამოცხადდება", - ნათქვამია მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მასში ასევე საუბარია "გარე ფაქტორებზე" და აღნიშნულია, რომ "სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება "ნაციონალური მოძრაობის" გასასამართლებლად".

განცხადების მეორე პუნქტში, საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო "ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე" საუბრობს და ამომრჩეველს ჰპირდება, რომ პარლამენტში უკვე დაინიცირებულ კანონპროექტს "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", კონსტიტუციაში ასახავს. 

 
"კონსტიტუციური კანონის მიღების შემდეგ, ვერავინ ვეღარასოდეს მოგვახვევს თავს ერთნაირსქესიანთა ე.წ. სამოქალაქო პარტნიორობის, ერთნაირსქესიანთა წყვილის მიერ ბავშვის აყვანის, ან სქესის შეცვლის ოპერაციის დაკანონებას, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა ე.წ. სქესის სამართლებრივად დადგენას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის პროპაგანდას და სხვა მანკიერებებს, რომლებმაც მრავალი ქვეყანა უკვე ძალზე მძიმე შედეგებამდე მიიყვანა", - აღნიშნულია განცხადებაში. 
 
რაც შეეხება მესამე პუნქტს, "ქართული ოცნება" არჩევნებამდე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ "მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაში, აუცილებელი გახდება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება, რათა საქართველოს მმართველობის სისტემა და ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა ახალ რეალობასთან მოვიდეს შესაბამისობაში. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გარშემო მოვლენები ძალზე დინამიურად ვითარდება, ამგვარი მოცემულობისთვის ნებისმიერ დროს უნდა ვიყოთ მზად".
"ქართული ოცნების" წერილში, მეოთხე პუნქტს საიდუმლოდ ტოვებს და ამბობს, რომ "არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება". მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებით, ჯერჯერობით, საზოგადოებისთვის უცნობ საკითხზე პოზიცია, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ექნება.  

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *