საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა განმარტოს, "რატომ გადაახვევინა კურსიდან" და "იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა".
"მთავარი ის არ არის, რომ მე არ მიპასუხა, მთავარი ისაა, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე არ უპასუხა, არაფერი არ უთხრა, არაფერი არ ახსნა, თუ უცებ რატომ გადაახვევინა ჩვენი კურსიდან იმ მთავრობას, რომელიც ვიცით, რომ მხოლოდ შემსრულებელია, ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას, იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა, ეს ქვეყანა დაასუსტა, გაერთიანებული ქვეყანა, სტატუსის მიღების დღეები ხომ არავის გვავიწყდება, თუ რა სიხარული იყო, რა ბედნიერება იყო ხალხში, ყველა ყველას რომ ულოცავდა, ეს ყველაფერი გათელა, იმისთვის, რომ რაღაცა უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ? ვინმეს უთხრა? ჩვენ ვიცით მისგან მხოლოდ ორი დიდი სიტყვა, რომელიც ალბათ მისი დაწერილიც არ არის, რომელიც არის მტრულად განწყობილი ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. საზოგადოებას პირდება რევანშს, რეპრესიებს. რა სტილია ადამიანისგან, რომელიც ან გარეთ არის, ან შიგნით არის, მაგრამ ვერავინ ვერ გავიგეთ, რეალურად სად არის, რა უნდა, რატომ უნდა და რას უკეთებს ამ ქვეყანას".
პრეზიდენტის განცხადებითვე, თავადაა მზად ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვიოს და წინ შესაძლოა, "ერთი კარგი დებატები გველოდებოდეს".
"მე მზად ვარ და ვიწვევ დებატში, თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატში მოვიდეს, რადგან თვლის თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ და მაშინ დებატში გავარჩიოთ რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე არაფერი აღარ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ, საით მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვალდებული არის, რომ ახსნას ზოგიერთი პოზიცია - რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და ვიცით, რომ კორუფციის გამო ნაწილობრივ, მაგრამ მერე აბრუნებს... მერე კიდევ ახალ თანამდებობაზე სვამს, მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ ადამიანს, როგორც პრემიერს... ე.ი. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას არჩევნებამდე მაინც. ასე რომ ერთი კარგი დებატი, მგონი, გველოდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.
0 კომენტარი