თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს.

ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ჟურნალისტის მეუღლე, სევინჯ სადიგოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სვამენ აფგან სადიგოვს მანქანაში შსს-ს თანამშრომლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.

19 ივლისს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუმარტეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში დაბრუნების უფლება ჰქონდა. 

"ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა" - წედა ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. 

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, სადიგოვი ცოლთან და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში გასული წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა და ის ბოლო შვიდი თვეა თბილისში ცხოვრობს. როგორც მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში თქვა, საპატიმროში ყოფნისას 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რამაც მისი ჯანმრთელობა დააზიანა.

"2020 წელს რომ დამაპატიმრეს, ციხეში შიმშილობა დავიწყე. 242 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, რამაც ძალიან შეარყია ჩემი ჯანმრთელობა და სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვედი. შემდეგ კვლავ აზერბაიჯანში დავბრუნდი, მაგრამ იმის გამო, რომ იქ თავს უსაფრთხოდ ვერ ვგრძნობდი, ცოლ-შვილთან ერთად თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და აქედან, დისტანციურად ვაგრძელებდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას", - იხსენებდა საპატიმროში გატარებულ პერიოდს სადიგოვი.

გამოცემა OC MEDIA-ს ცნობით, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ - 2016 წელს ორ წელიწად ნახევრით, ხოლო შემდეგ 2019 წელს, შვიდი წლის ვადით დააპატიმრეს - გამოცემის თქმით, ჟურნალისტს 4 წლის შემდეგ, შეწყალების შედეგად პატიმრობის ვადა შეუმცირდა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *