საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურად ადასტურებს, რომ უწყების ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
"ეს იყო ყოველწლიური ოფიციალური ვიზიტი, ჩვეულებრივი სამუშაო ვიზიტი უსაფრთხოების მიმართულებით. თავადაც თქვა [12 ივნისს, პარლამენტში] - გრძელდება პარტნიორობა და საინტერესო თანამშრომლობის ახალ ეტაპებს ვგეგმავთო - ამასთან დაკავშირებით იყო წასული, - განმარტავენ სუს-ში.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ, ვაშინგტონში მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ, ყოველკვირეულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "ბიძინა ივანიშვილს, შეერტებულ შტატებში, პერსონალური შიკრიკი ჰყავდა გაგზავნილი".
"იმდენად შეშინებულნი არიან, იმისთვის, რომ იქნებ გაიგონ შეერთებულ შტატებში რა ხდება, ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ იქ გაგზავნილი. მთავრობას კი არა, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს პერსონალურ შიკრიკად გაგზავნილი. სჯობდა, არ გაეგზავნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, როგორ ფუნქციონირებს ინსტიტუციონალური დემოკრატია. მათ მართლა ჰგონიათ, რომ (აშშ-ის მმართველობაში) დემოკრატები იქნებიან თუ რესპუბლიკელები, ეს საქართველოსთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გრძელ და საშუალოვადიან სტრატეგიაში რამეს რადიკალურად შეცვლის. ან სწორი ჰგონიათ ის, რომ პოლიტიკიდან გაწეული, ე.წ. საპატიო თავმჯდომარე, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ძალოვან ფიგურას უცხო ქვეყანაში შიკრიკად აგზავნის. ფოსტალიონების ასეთი გაგზვნა ხშირი იქნება, თუმცა ეს ისეთი ფორმით მოხდა, სჯობდა არ გაეგზავნათ", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მან ასევე ისაუბრა ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ პოლიტიკურ განწყობებზე და დასძინა, რომ "შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური გზავნილები და ქმედებები აბსოლუტურად კოორდინირებული იქნება".
"შეერთებულ შტატებში აბსოლუტურად გააზრებულია ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. გააზრებული აქვთ, რომ ქართველი ხალხი სრულად თავისი ცივილიზაციური, ევროპული, დასავლური არჩევანის ერთგულია, ჩვენი პოლიტიკური ელიტა კი - ანტიდასავლური. ყველა კარგად ხედავს, რომ ქართველ ხალხს სწორედ ამ ცივილიზაციური არჩევანის დასაცავად მხარდაჭერა სჭირდება, არჩევნები კი, ამისთვის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. ამასთან, აბსოლუტურად კოორდინირებული იქნება ნაბიჯები, მესიჯები, ქმედებები და პოლიტიკა აშშ-სა და ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. ის, რასაც "ოცნება" მანამდე წარმატებით ახერხებდა - ევროპელებს რომ ელაპარაკებოდა, ამერიკელებს ლანძღავდა და ამერიკელებს რომ ელაპარაკებოდა, ევროპელებს აბრალებდა ყველაფერს, ვეღარ შეძლებენ. ეს იქნება სრულად კონსოლიდირებული, ერთიანი მიდგომა, "ოცნება" კი, ტყუილებითა და ორმაგი პოლიტიკით ფონს ვეღარ გავა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
0 კომენტარი