საქართველოს პარლამენტის მიერ უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მირების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ამის ბალტიისპირული ქვეყნის საგარეო უწყების მიერ 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა წუხილს გამოთქვამს, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენ.
„ბოლო დროს საქართველოში დაინიცირდა ევროკავშირში ინტეგრაციასთან შეუსაბამო რიგი სხვა საკანონმდებლო ინიციატივებიც, ვრცელდებოდა ანტიდასავლური პროპაგანდა, მასობრივ პროტესტს კი ხელისუფლება სამოქალაქოს საზოგადოების წარმომადგენლების დაშინებით და ძალადობით პასუხობდა“, - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლიეტუვა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ამ მოვლენების გამო და პარტნიორებთან ერთად განიხილავს საპასუხო ზომებს. ლიეტუვა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას.
საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონზე" დადებული პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.
„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
0 კომენტარი