საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" დღეს უკვე "რუსული ოცნებაა" და თავად იბრძვის იმისთვის, რომ "რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს დამონება".
"ის რაც არა მაქვს ასახსნელი, არის, ის რომ მე არ შევცვლილვარ. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს დამონება და არ მეგონა, რომ იმ პერიოდში ვიქნებოდი, როცა ეს მცდელობა განახლდებოდა. მე არ შევცვლილვარ, მაგრამ შეიცვალა ან გამოაშკარავდა მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია. იმიტომ, რომ ეს არის პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში შემოიტანა ევროინტეგრაცია. იმ პერიოდში მე ვფიქრობდი, რა საჭიროა ეს კონსტიტუციაში, ჩვენ ხომ ამ გზით მივდივართ, რატომ გვჭირდება, რომ ჩავწეროთ და უცებ, ეს მთავრობა ზედიზედ იღებს ისეთ ნაბიჯებს. ეს აჩქარდა უკრაინის ომის შემდგომ, მაგრამ დაიწყო შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდების შემდეგ. ჯერ ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნება და ეს იყო მთავარი მოტივაცია უკრაინაში ომის შემდეგ, მათი ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული, მე ამაში დღეს ვარ ტოტალურად დარწმუნებული, მაგრამ ეს იყო პროცესი რუსეთის ზეწოლის, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა და გაიზარდა. ახლა უკვე ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე და ისეთ ან-ან სიტუაციაში, რომ ის რაც მოეთხოვება პრეზიდენტს... მე დიდხანს თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე, იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი როცა კვალიფიკაციას აძლევს ქვეყნის მთავრობას, მაგალითად ეს პრორუსულია, თუ არა, უამრავჯერ მკითხეს უცხოეთში და ყოველთვის თავს ვიკავებდი. არ შეიძლება გადაუჭრა ქვეყანას თავისი გზა. დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და არის ამ გზის, ევროპის გზის გადარჩენა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, დღეს რუსეთის ინტერესებშია საქართველო და უკრაინის დაპირისპირების გაღვივება.
"ვის უნდა ჩვენი დასუსტება? ვის უნდა ჩვენი და უკრაინის დაჯახება? მაინც და მაინც, ვის არ უნდა, რომ საქართველო, რომელსაც დღეს უკვე სომხეთი მოჰყვება, აჩქარებული ტემპით შევიდეს (ევროკავშირში) და ამ აჩქარებულ ტემპზე არავინ ოცნებობდა. გამოვიდა ევროკავშირის ელჩი გუშინ წინ და გვეუბნება, კარი ღია არის, შემოაბიჯეთო, ცოტა ხნის წინა გერმანიის ელჩი გვეუბნება, რომ წლის ბოლოსთვის ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ ეს მოლაპარაკებები გაიხსნას. მე არ დამესიზმრებოდა, როდესაც პრეზიდენტი გავხდი და მეკითხებოდნენ, რა არის თქვენი ოცნებაო, მე ვამბობდი, ჩემი ოცნებაა, ქვეყანა ევროკავშირში და ნატო-ში შევიყვანო, მაგრამ რეალურად, ჩემი ოცნება იყო, რომ რაღაც გადადგმული ნაბიჯები (ყოფილიყო). ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. როგორც ქვეყანას არაფერს ჩაგვიკეტავენ, ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა , დესტაბილიზაცია. მერე მე დამაბრალებენ, თქვენ დაგაბრალებენ, ყველას დააბრალებენ, გარდა თავიანთი თავისა, მაგრამ ეს არის საკმაოდ ადვილი. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყანაში ამდენი რუსია შემოსული, რომელიც არანაირად არ კონტროლდება", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
0 კომენტარი