გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ქართულ მხარეს მოუწოდა, ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია გაითვალისწინოს და უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
"ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის მიღება შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. კანონპროექტი არ შეცვლილა, ფაქტობრივად, იგივეა, რაც შარშან იყო. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას და ამ კანონს არ მიიღებს. ჩვენს საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ასევე, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების განვითარებისათვის", – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ დასვა შეკითხვა, რომ მსგავს კანონი ევროკავშირშიც განიხილება და "რატომ არიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული იმით, იგივე ან მსგავს რეგულაციებს საქართველოც თუ შემოიღებს", რაზეც კანცლერმა უპასუხა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს.
„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ ტრანსფარენტურობა დამყარდეს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არც არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით, არც იქნება გადაწყვეტილი", - ოლაფ შოლცმა. მან დასძინა ისიც, რომ მსგავსი რეგულაცია მიიღო უნგრეთმა, თუმცა ევროპულმა სასამართლომ ის გააუქმა.
0 კომენტარი