არსებული ინფორმაციით, "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" უმრავლესობის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში ამ დრომდე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, საკითხი პარლამენტის ბიუროს მომავალი კვირის - 1-ელი აპრილის სხდომაზე ინიცირებისათვის არ წარედგინება, რადგან რეგლამენტის თანახმად, პროექტი ბიუროს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე. საპარლამენტო უმრავლესობამ ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა მოამზადა, რომელზეც ხელმოწერაც მიმდინარე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ" პარლამენტში წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ". თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია".
რაც შეეხება "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისა და მასზე დეპუტატთა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების შემდეგ, პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დაიწყება და მხოლოდ ამის შემდეგ გავა საკომიტეტო და სასესიო განხილვაზე.
წყარო: IPN.GE
0 კომენტარი