პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოს საგარეო პერსპექტივაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, თუ საქართველოს მოქალაქეებში დარჩება აღქმა, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდა და ქვეყანამ ვერ განაგრძო სვლა ევროპის მიმართულებით, საქართველო მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ნაწილად დარჩება.
"ერთადერთი, რაც ივანიშვილმა ვერ მაპატია, არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები. დღეს, ამ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი, რომ პოსტ საბჭოთა სივრცეს თავი საბოლოოდ დავაღწიოთ, დავასრულოთ ეროვნული მოძრაობის პროცესი, ის, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში გმირებმა დაიწყეს და ეს ქვეყანა გავხადოთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა არის ის სივრცე, სადაც ეროვნული სახელმწიფოს შექმნა შეგვიძლია. ამ ყველაფრის გასაღები, მოგვწონს თუ არა ეს, ერთ ადამიანს უჭირავს ხელში. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის წინაშე სერიოზული ღვაწლი აქვს, მაგრამ ის, რაც მას შეუძლია გააკეთოს ან გააფუჭოს, არის უფრო დიდი, ვიდრე ყველაფერი, რაც მას გაუკეთებია. მას შეუძლია ყველაფერს ხაზი გადაუსვას ისე, რომ უკან დასახევი გზა არ ექნება და პატიების თხოვნის რესურსი არ დარჩება. თუ საქართველო არ გახდება მოლდოვასთან ერთად გაფართოების ეტაპის ნაწილი, ეს ქვეყანა სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში დარჩება და არავინ იცის, ჩვენი სამშობლო როდის მიაღწევს მიზანს, სადაც შევძლებთ ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობას. ამასთან ერთად, ამ ადამიანს განგებამ მისცა შესაძლებლობა და ეს შემთხვევით არ ხდება, ეს ყველაფერი ემთხვევა არჩევნებს. არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტია ამ ქვეყნის ბოლო 30 წლის ისტორიაში. ან ეს არჩევნები ჩატარდება ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებში იქნება სრული კონსესუსი, რომ არჩევნებმა რეალურად ასახა ხალხის ნება, ან საქართველოს მოქალაქეების აღქმაში დარჩება, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები. თუ საქართველოს მოქალაქეებში დარჩა აღქმა, რომ ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები, თუ საქართველომ ვერ გააგრძელა გზა ევროპული მიმართულებით და საქართველო ვერ დაბრუნდა ასოცირებულ ტრიოში, როგორც ლიდერი სახელმწიფო და ვერ გახსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მარტო დარჩება სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში, ჩვენს გარდა, ყველა სახელმწიფო თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს. შეხედეთ აზერბაიჯანს რა გააკეთა, შეხედეთ სომხეთს, რომელმაც თავი დაიხსნა პოსტსაბჭოთა წარსულიდან და უკვე ევროპულ კონტექსტში რაღაცებში ჩვენ გვეჯიბრება. ჩვენ რას ვაკეთებთ? ერთმანეთს ვჭამთ, ერთმანეთს ვებრძვით და ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის. ამას სჭირდება ერთი რამ - ადამიანებს სჭირდებათ სამართლიანობის განცდა და ეს ყველაფერი შესაძლებელია. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს? ერთმანეთის ზიზღი, პოლარიზაცია, რადიკალიზაცია... ამის გამოსწორება შესაძლებელია სამართლიანი არჩევნებით", - აღნიშნა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ.
0 კომენტარი