უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის, "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია სამ პირობას ასახელებს, რომლის შემდეგაც, მისი განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების "ნორმალიზება" შესაძლებელი გახდება.
"თუ ნამდვილად ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ამისთვის გეგმა არსებობს: ციხიდან გაათავისუფლეთ და დააბრუნეთ უკრაინაში ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; შეწყვიტეთ პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც ქართველი ხალხიც ითხოვს. შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება, რომ თავი აარიდოს სანქციებს. ამ შემთხვევაში, ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად მოხდება", - განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, "ის მზადაა დაელაპარაკოს უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს, მაგრამ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საქართველოშიც პოპულარული იქნება".
"მათ უკანონოდ ჰყავთ დაკავებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მცდელობა ის გაგვეთავისუფლებინა ან გაგვეცვალა, მაგრამ მოსკოვთან კონსულტაციის შემდეგ, რასაც ჩვენი დაზვერვა ადასტურებს, ისინი არ იღებენ დასტურს ან ნებართვას ამის გაკეთებაზე და ამიტომ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ გავათავისუფლოთ სააკაშვილი. ეს არის ნელი მცდელობა, რომ ის მოკლან", - დასძინა ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარემ, დავით არახამიამ.
განცხადება გაავრცელა უკრაინის რადას ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომაც. მისი თქმით, საქართველოს "არავის გადასცემენ, სანამ ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს".
"საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერი მარტივადაა - საჭიროა, ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, საბოლოოდ მოიშოროს ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ფლირტში არიან, რადგან საქართველო რუსეთისგან უკრაინაზე არანაკლებ დაზარალებულია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ეს იმპერია ჩვენ ერთად უნდა გავანადგუროთ. არ გვჭირდება ვინმეს ვთხოვოთ ომში ჩართვა, მათ ეს თემად აქვთ ქცეული, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. არავინ ამის გაკეთებას არ აპირებს. არავის გადმოგცემთ იქამდე, ვიდრე ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად, რუსეთის თამაშს თამაშობს. არავის გადმოგცემთ და მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც დასახელდა, რადგან ისინი საუკეთესო ქართველები არიან, რომლებიც როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ქვეყანაში დაბრუნდება ისევე როგორც ის მოხალისეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ბევრი ქართველი იბრძვის და მათ შორის ეს ხალხიც, იმიტომ რომ უყვართ თავისი ქვეყანა განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს", - აღნიშნა უკრაინის ოპოზიციონერმა ლიდერმა.
უკრაინელი დეპუტატების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "როდესაც კეთდება მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ეს არის რბილად რომ ვთქვათ, არასწორი და გაუგებარი".
"შესაძლოა მქონდეს ჩემი შეხედულებები ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მაგალითად, რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, თუმცა ამ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა არ მინდა", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების გადაცემის მოთხოვნით ქართულმა მხარემ მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის დელეგაციის წევრის სტატუსით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შეხვედრებს ესწრებოდა.
0 კომენტარი